„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციური სპექტრის [ამ სიტყვის ფართო გაგებით.ნეტ] სტრატეგიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული დებატები რეალურ დემოკრატიულ პროცესთან კავშირში არ არის, თუმცა ამ თემის გარშემო ოპოზიციური სპექტრის დაპირისპირება და გახლეჩვა ისევ “ოცნების” საქმეს აკეთებს.
ჯაფარიძე ორ მთავარ თეზისს გამოყოფს: პირველი — მას არ სჯერა, რომ ვინმე ფიქრობს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში რეალური დებატების გამართვა სურს ან დემოკრატიული სივრცის გახსნას გეგმავს. მისი აზრით, ეს შეუძლებელია.
„ჩემი აზრით, პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ როდესაც [გაკრვეულ საკითხზე] აზრები იყოფა, რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანები უცებ ორ ბანაკად ჯგუფდებიან და ერთმანეთის ლანძღვასა და გინებას იწყებენ. დებატებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. ეს პროცესი უკვე დღეებია გრძელდება. მე არც კი ჩავერიე და საერთოდ არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია ამ თემაზე სოციალურ ქსელში. ამის გააზრებაა საჭირო, რომ ყოველ ჯერზე ჩვენი დაყოფაა მთავარი პრობლემა და არა ის, თუ რა პოზიცია დაიკავეთ დებატებთან მიმართებით — მისვლა ღირს თუ არა. ფუნდამენტური პრობლემა ისაა, როდესაც ვიხლიჩებით“, — აცხადებს პოლიტიკოსი.
ჯაფარიძე პარალელს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან ავლებს და აღნიშნავს, რომ მაშინაც, როცა შიდაოპოზიციური დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ ამ დაყოფით მხოლოდ რუსეთმა იხეირა.
„საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? მოიგო რუსეთმა. ჩემი გადმოსახედიდან ასეა — მოიგო რუსეთმა. ჩვენ გავიყავით, დავხოცეთ ერთმანეთი და პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა. ვლანძღეთ ერთმანეთი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებული რუსეთი დარჩა, რადგან ჩვენ ისევ გავიხლიჩეთ“, — ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, “ქართული ოცნება”, რომლის ხელშიც ყველა რესურსია, მუდმივად ეცდება მსგავსი თემების „შემოგდებას“ ოპოზიციის გასათიშად. ამ ფონზე ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა იმით არ იქცევა, თუ ვინმე დებატებზე მივა, თუმცა ესმის არგუმენტიც, რომ ამით ვითარების „ნორმალიზება“ ხდება.
„ჩემთვისაც რთული ამბავია: როცა ჩემი ძმაკაცები ციხეში სხედან, მართლა ძმაკაცები, ასობით ადამიანი ნაწამებია, შენ კი მიდიხარ და ფასებზე ან სხვა რამეზე ლაპარაკობ — ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. თუმცა ვიღაცებმა გადაწყვიტეს ეს გაეკეთებინათ. პროცესი გრძელდება, მაგრამ რა, ჩამოვიქეცით? ლეგიტიმურობა ვაღიარეთ? არაფერიც არ დაქცეულა ამის გამო“, — აღნიშნავს ის.
გამოსავალს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციური ფლანგის ერთიანობაში ხედავს. მისი თქმით, მინიმალური ამოცანა ერთმანეთის ლანძღვის შეწყვეტაა, იდეალური კი — ერთიანი გუნდის შექმნა, რომელიც ხელისუფლების სვლებს კოორდინირებულად უპასუხებს. ოპოზიციურ ფლანგში იმ საზოგადოებრივ ჯგუფებსაც მოიაზრებს, ვინც ამჟამად პროტესტში არიან ჩართული.
„საუკეთესო გამოსავალი, ჩემი აზრით, უკავშირდება იმას, რაზეც ყველაზე მეტი ვილაპარაკე — აქეთ [წინააღმდეგობის სპექტრში] უნდა იყოს ერთი გუნდი. ეს გუნდი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას გარკვეული პრინციპით. თუ იქიდან მოდის „გადმოგდებული“ თემა, რომელსაც წინასწარ ვხედავთ, რომ აზრებს გახლეჩს, მას აქეთ უნდა დახვდეს ერთიანი პოზიცია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგიძლია ეფექტურად გაუმკლავდე ამას“, — აცხადებს ჯაფარიძე.
ის კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს: „პირობითად, იქიდან რომ გეუბნებიან: „მოდი, გავხსნათ დებატები“, აქეთ უნდა იყოს ერთიანი პასუხი: „კარგი, ლაპარაკი გინდა? ჩვენი მხრიდან წამოვა ესა და ეს ადამიანი, დაჯდება აქა და აქ (მაგალითად, „ფორმულაზე“) და მოდი, დაელაპარაკე“. ერთხელ იქ [სამთავრობო მედია] მოვა, ერთხელ აქ მოვა და მერე მეორე თანხმობა დაგჭირდება… ანუ რაღაცნაირი, ერთიანი პასუხი უნდა იყოს აქედან. ამას უნდა ახერხებდნენ. იქით მხარემ კი არ უნდა არჩიოს, ვის მიიყვანს და რა თემაზე დაელაპარაკება“.
ჯაფარიძე ასევე ხსნის, ოპოზიციური ერთობის არსებობის პირობებში რატომ შეიძლება იყოს ახალი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსებისთვის მომგებიანი “ოცნების” სპიკერებთან დებატებში შესვლა.
„გუშინ ვთქვი, რომ პოლიტიკოსი ვარ. ჯერ არავინ მიცნობს… ქვეყნის მასშტაბით ცნობადობა 0,5%-ია, 1%-იც კი არ არის. და უცებ დამიჯდა პაპუაშვილი ან კობახიძე. რა მნიშვნელობა აქვს, რა თემაზე დამიჯდა? თუნდაც ერთი საათი ვიბალამუტო. ხალხმა ნახა, რომ ვიღაცას, ვისაც ისინი სპიკერს ან პრემიერს ეძახიან (თუნდაც მე არ ვაღიარებდე), დავჯექი და ველაპარაკე. ამით გამიცნეს, ცნობადობა 0,5%-დან 1,5%-მდე ან რამდენიმე ასეული პროცენტით გაიზარდა. რატომ არ მაწყობს? მაწყობს! და თუ აქეთკენ ერთი გუნდი არ ვართ და ერთ თამაშს არ ვთამაშობთ, რატომ უნდა ვთქვა ამაზე უარი?“ — კითხულობს პოლიტიკოსი.
„ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: მინიმუმი არის ის, რომ გავიაზროთ — არ უნდა გავიხლიჩოთ და ერთმანეთს არ ვაგინოთ. იდეალური კი ის არის, რომ როცა იქიდან „სატყუარას“ გვიგდებენ, აქეთ იყოს არა უბრალოდ კოორდინაცია (რაც ახლა არ გვაქვს), არამედ ერთი გუნდი, რომელიც გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას და პირობებს იქით უყენებს“.
