“გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვეს ცოტნე კობერიძემ, ბორის (ჩელე ყურუამ) და ბადრი გრიგალაშვილმა. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
არცერთს არ დაუკონკრეტებია, რჩებიან თუ არა პოლიტიკაში. თუმცა საკმაოდ ვრცელ პოსტებში ირიბად ახსნეს პარტიის დატოვების მიზეზები.
მაგალითად, კობერიძე წერს, რომ არ სჯერა ოპოზიციის გაერთიანების იდეის. პოსტში მან ახსენა სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ არ სჯერა გამარჯვების მაშინ, როცა ოპოზიციის “მთავარი იარაღი” ზურაბიშვილია.
“დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება. არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა. არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს. არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი. არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა […]
“გირჩში” ყოფნისას სხვა პროექტზე არ მიფიქრია და არ მიმუშავია. ამიტომ ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რას გავაკეთებ. ვიცი მხოლოდ ერთი – მინდა ვიპოვო ადამიანები, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და მათთან ერთად ვეცადო, ბევრი რამ შევცვალო. ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც “გირჩს”, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს. თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე. თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე”, – წერს კობერიძე სოციალურ ქსელში.
ბორის (ჩელე) ყურუა წერს, რომ გაიყო მისი პარტიის პოლიტიკური გზები. კობერიძის მსგავსად, მანაც ცვლილებების საჭიროებასა და შეცდომების აღიარებაზე გაამახვილა ყურადღება.
“ამ პროცესს სასიცოცხლოდ სჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა. საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ, თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იმავეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით. სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი უახლოეს მომავალში”, – წერს ყურუა.
იმავე აქცენტებს სვამს გამოსამშვიდობებელ პოსტში ბადრი გრიგალაშვილიც. მისი თქმით, პარტია დიდი ხანია აღარ აკეთებს იმას, რის გამოც იქ მივიდა – ვერ ცვლის თამაშის წესებსა და დღის წესრიგს. გრიგალაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია. თუმცა აღნიშნა, რომ “არსად გაქცევას არ ვაპირებ” და “ჩემი ბრძოლის გზა ახლა თავიდან მაქვს მოსაძებნი”.
“მივდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ.
ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს.ბუნებრივია, ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანიშვილმაც, თუმცა არც ოპოზიციურ სპექტრს უცდია რეალურად ეპასუხა გამოწვევებისთვის. 12 წელია ერთ წრეზე დავდივართ, ერთი და იგივე ტაქტიკით ვეთამაშებით მოწინააღმდეგეს და ყველა ჯერზე ერთნაირად ვმარცხდებით. მერე ეს წარუმატებელი სტრატეგია ხალხს ბრალდება და ასე იწყება ახალი, მოჯადოებული წრე. შეცდომის აღიარება არავის უნდა, ეგ რომ გააკეთონ, ზოგიერთმა შეიძლება ისიც აღმოაჩინოს, რომ სახლშია წასასვლელი და ეს კიდევ უფრო მეტად უბიძგებთ რეალობისგან გაქცევისკენ. შედეგად კი, შეცდომებში გაჯიუტებულებს, სერიოზულად აღარვინ აღგვიქვამს. ამ წარუმატებლობაში მეც ჩემი წილი პასუხისმგებლობაც მაქვს და ბოდიშს ვიხდი, რომ მეტი ვერ შევძელი. მოკლედ, მე მჯერა, რომ ამ ბრძოლას მხოლოდ ბოლომდე გულწრფელობა მოიგებს”, – წერს გრიგალაშვილი.
მათ პარტიიდან წასვლას გამოეხმაურა პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. მან აწ უკვე ყოფილ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისთვის.
