ახალი ამბები

მოსაყდრე შიო – გადახვევა ილია II-ის ორპოლუსიანობის პოლიტიკიდან?

19 ოქტომბერი, 2021 • 4627
მოსაყდრე შიო – გადახვევა ილია II-ის ორპოლუსიანობის პოლიტიკიდან?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს აზრით, სახარება არ ქადაგებს ყოველთვის ყველასთან შერიგებას და პატიებას.

მის ამ მოსაზრებას, შესაძლოა, არ მოჰყოლოდა ასეთი ფართო განხილვა საზოგადოებაში და მხოლოდ თეოლოგიურ დისკუსიაში დარჩენილიყო, რომ არა კონტექსტი, რომელსაც მივყავართ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილამდე და სასულიერო პირთა ნაწილის მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნამდე.

რამდენად ეთანადება მიტროპოლიტის ქადაგება ქრისტიანულ სწავლებას და რას ნიშნავს მსგავსი რეპლიკები პატრიარქის მოსაყდრისგან, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით, გასულ წლებში, ნაკლებად გამოირჩეოდა.

რა თქვა მოსაყდრემ და რა ხდებოდა მანამდე?

საკამათო განცხადებები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ 17 ოქტემბერს, საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე”, — დასძინა მან.

სასულიერო პირის სიტყვებით, “ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია”.

“…და გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, — დაამატა მან.

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: სენაკის მერია

მიტროპოლიტ შიოს პირდაპირ არ უხსენებია საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია, თუმცა მისი ქადაგება არაერთგზის დააკავშირეს სააკაშვილის საკითხთან.

ამ ფაქტს “იმედთან” ინტერვიუს დროს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეეხო და თქვა:

“ამ ზოგად ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა, რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო”.

სანამ აღნიშნული ქადაგება იქნებოდა, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა და “საყოველთაო შერიგება” ახსენა.

“…ერთმანეთისთვის ბრალდებისა და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, უნდა ერთმანეთს ყველამ ვთხოვოთ შენდობა.

ეს ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს და ეს მინდა გითხრათ ყველას… რომ ჩვენ დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე.

მაშინ ქვეყანა განვითარდება”, — აღნიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სააკაშვილთან პირადად შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი პოზიცია აქვს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკსაც. მისი სიტყვებით, პეტიციას ხელი მოაწერა და გაახმიანა იდეა, “რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა”. პეტიციას ხელი მოაწერა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმაც.

რით (ვერ) მართლდება მიტროპოლიტის ქადაგება

თავისი პოზიციის დასაბუთებისას, მიტროპოლიტმა შიომ იესო ქრისტე და მისი ერთ-ერთი მოციქული, პავლე ახსენა. კერძოდ, მან თქვა:

“შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას.

და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე.

თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს, გახსოვთ, რას ამბობს უფალი? იყოს ასეთი ადამიანი შენთვის წარმართი და მებაჟე, მეზვერე.

თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა”.

ხსენებული ქადაგების გამო პატრიარქის მოსაყდრე მალევე გააკრიტიკა თეოლოგმა ზურაბ ჯაშმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეპისკოპოსი შიო “თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარყოფს უპირობო მიტევების პრინციპს”.

ზურაბ ჯაში

მისი სიტყვებით, აღნიშნული პრინციპი “ქრისტეს მიერ ნაქადაგები მოძღვრების განუყოფელი ნაწილია”.

“ამით [მღვდელმთავარი] საფუძველს აცლის მთლიანად ქრისტიანულ სარწმუნოებას, რადგან მიტევების მოთხოვნა წითელ ხაზად გასდევს ქრისტესმთაზე ქადაგებას“, რომელიც კაცობრიობის ეთიკური აზროვნების მწვერვალს წარმოადგენს.

აქ ქრისტე ცალსახად უკუაგდებს იმ დროს გავრცელებულ სწავლებას შურისგების შესახებ – „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“. ამის ნაცვლად გვასწავლის მტრის სიყვარულს და ძალადობაზე წინააღმდეგობის გაუწევლობას”, — ეუბნება თეოლოგი “ნეტგაზეთს”.

ზურაბ ჯაშის შეფასებით, მოსაყდრე შიოს “არაფერი სმენია” მიტევების პრინციპზე, რომელიც ახალ აღთქმაში, მათეს სახარებაში ფიგურირებს:

“ერთხელ პეტრე მოციქული ჰკითხავსუფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემ წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ?“

იესო პასუხობს: „არ გეუბნები, შვიდჯერმეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ”.

თეოლოგს არასწორად მიაჩნია ეპისკოპოსის მიერ ქრისტიანობაში არსებულ მოკვეთის გამოცდილებაზე აპელირებაც. ჯაშის სიტყვებით, მოსაყდრე შიოს არ უხსენებია სპეციფიკური კონტექსტი, რომელშიც ამგვარი მოკვეთაა გამართლებული:

“როდესაც ქრისტე საუბრობს ადამიანის სოციალურ მოკვეთაზე და გაუცხოებაზეროგორც მებაჟის ან წარმართის“, მას წინ უძღვის მსჯელობა, თუ ვინ არის ეს პიროვნება, რის შემდეგ და სად ხდება მისი გაუცხოება.

პირველ რიგში, ეს ადამიანი არის მოხსენიებული როგორცშენი ძმადა მისი შესმენა ხდებაეკლესიაში“, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ იგულისხმება პირველი ქრისტიანული რელიგიური თემის წევრი.

შესაბამისად, მოკვეთაგაუცხოება ნიშნავს არა მის დასჯას და მიტევებაზე უარის თქმას, არამედ ამ ადამიანის ქმედების შეუთავსებლობას იმ რელიგიურზნეობრივ პრინციპებთან, რომელთა მიმართ ერთგულებაც ხდის მას ქრისტიანული ეკლესიის წევრად”.

რაც შეეხება პავლე მოციქულის ნათქვამს “მოიკვეთეთ უკეთური”, რომელიც მიტროპოლიტმა ახსენა ქადაგებისას: ზურაბ ჯაშის სიტყვებით, პავლეს ეპისტოლეში მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მოციქული საუბრობს ეკლესიის წევრებზე და არა სხვა, გარეშე პირებზე.

ჯაშის თქმით, ამ სწავლების თანახმად “მოკვეთის მთავარი მიზანი არის, რომ ეკლესიის სიწმინდე არ შეილახოს და მისი ზნეობრივი თუ სარწმუნოებრივი პრინციპები დაცული იყოს”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი

“პარალელი შეიძლება გავავლოთ დღევანდელ ეკლესიაში სასულიერო პირებს შორის გავრცელებულ უზნეობაზე, რაც ეპ. შიოს რატომღაც არ აწუხებს, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ გამოხატავს თავის წუხილს და არც ქმედით ზომებს იღებს მათ აღმოსაფხვრელად.

[ამასთან, პავლე მოციქული] ამბობს, რომ ეკლესიის განკითხვა არ ეხება გარეშეთ – „რად განვიკითხო გარეშენი?“ რადგან ისინიღვთის მიერ განიკითხებიან“.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოკვეთის განაჩენი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ შიდასაეკლესიო საქმეებში და არ მიესადაგება არა მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანს, არამედ ასევე იმ ეკლესიის წევრებს, რომლებიც განისჯებიან არაეკლესიურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში გვაქვს.

შესაბამისად, ეპ. შიოს სიტყვებს არანაირი გამართლება აქვთ პოლიტიკური თუ საერო სამართლებრივი თვალსაზრისით.

უფრო მეტიც, თვით ეკლესიიდან მოკვეთაც კი, როდესაც ამ განაჩენს გამოიტანდა საეკლესიო სასამართლო შიდა საეკლესიო კანონებზე დაყრდნობით, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა მიტევებაზე უარის თქმას.

ამ შემთხვევაშიც ეკლესია ბრალდებულს სინანულის შემთხვევაში ყოველთვის უტოვებდა მიტევების შესაძლებლობას”.

“ორპოლუსიანობის პრინციპი” კითხვის ნიშნის ქვეშ

მოსაყდრე შიოს ქადაგება მხოლოდ სახარებისეულ სწავლებასთან მისი შესაბამისობის საკითხის გამო არ გამხდარა საკამათო. მიტროპოლიტის სიტყვებს მწვავე პოლიტიკური შეფასება მოჰყვა იმავე საღამოს “მთავარი არხის” ეთერში.

არხის დამფუძნებელმა და სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიტროპოლიტი მოიხსენია “ვინმე შიოდ”, რომელსაც “სახარება ნამდვილად არ აქვს წაკითხული”:

“ისმის კითხვა, რას აკეთებდა იგი რუსეთში, ზაგორსკში, როდესაც იგი სწავლობდა – რასაც აკეთებენ სხვები. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებას, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში”.

საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვარამიას განცხადებები “ეკლესიისადმი ომის გამოცხადებად” შეაფასა.

თავად სააკაშვილი კი, სავარაუდოდ, მოსაყდრის მისამართით ამბობს, რომ “ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები” ვერ შეარყევს მის რწმენას ეკლესიისადმი.

მიხეილ სააკაშვილი

საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლების მხრიდან ხისტი პოლიტიკური განცხადებები და შემდგომი, ასეთივე მწვავე დისკუსიები, საქართველოში ახალი ფენომენი არ არის. თუმცა, მოსაყდრე შიოს შემთხვევაში, ვითარება სხვაგვარია.

2017 წელს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ დასახელებული მიტროპოლიტი პოლიტიკური განცხადებებით არ გამოირჩევა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ამ დრომდე. რა შეიცვალა ახლა?

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი გასული წლების “სიჩუმეს” ორი შესაძლო ფაქტორით ხსნის. ერთ-ერთია თავად ილია მეორის რიტორიკა, რომელიც “ორპოლუსიანობის პრინციპზეა აგებული” და რომელთან დაპირისპირებასაც მოსაყდრე შიო “ერიდებოდა”.

“იმისდა მიხედვით, რომელი პოლიტიკური ცენტრი რა ძალებს მოიკრებდა, რა თქმა უნდა, საბოლოო არჩევანს [ილია მეორე] ყოველთვის აკეთებდა გამარჯვებულის სასარგებლოდ, მაგრამ ყოველთვის იტოვებდა სათადარიგო გზას”, — დასძენს თეოლოგი.

მოქმედი პატრიარქის ამ პოლიტიკის საილუსტრაციოდ გამრეკელაშვილი ახსენებს ილია მეორის ურთიერთობას ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ენმ-ის მმართველობის დროს, მეორე მხრივ კი ,იხსენებს ამბავს, რომელიც, მისი თქმით, 2003 წელს მოხდა. მაშინ მირიან გამრეკელაშვილი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

მირიან გამრეკელაშვილი

“2003 წელს, როცა არჩევნები ტარდებოდა, ქალბატონი შორენას [თეთრუაშვილის] განკარგულებით გაზეთში “საპატრიარქოს უწყებანი” რაღაც განცხადება დაიბეჭდა.

იქ იყო ასეთი ორგვაროვანი წინადადება, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის განმსჭვალული ეროვნული იდეებით… რაღაც მსგავსი.

შემდეგ ეს პატრიარქს წაუკითხავს. ღამით დაგვირეკეს სემინარისტებს, ჩამოვიარეთ საეკლესიო მაღაზიებში და უკვე მიტანილი გაზეთი გამოვიტანეთ, გამოვითხოვეთ. მთელი ღამის გათენება მოგვიწია.

რატომ? იმიტომ, რომ ეს წინადადება პატრიარქისთვის იყო ცალსახად ინტერპრეტირებადი”.

გამრეკელაშვილი  მიტროპოლიტ შიოს ახასიათებს “ცალსახად პროსახელისუფლებო მღვდელმთავრად, რომელიც ყველასა და ყველაფერს გადაუვლის იმისთვის, რომ ხელისუფლებას ასიამოვნოს”.

ის მიიჩნევს, რომ ამ დრომდე არ დამდგარა საჭიროება, მოსაყდრეს ღიად გადაეხვია ილია მეორის კურსისთვის. თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.

ილია მეორე

სწორედ ამ ვითარებას ასახელებს თეოლოგი მიტროპოლიტ შიოს ახლად გამოვლენილი სიხისტის განმაპირობებელ კიდევ ერთ ფაქტორად:

“მე მგონია, რომ ერიდებოდა პატრიარქთან კონფლიქტში მოსვლას. მე ვიცი ეს შიდა თემიდანაც. აქამდე თავს იკავებდა, რადგან ამის საჭიროება დიდად არ იყო და ახლა ალბათ სთხოვეს კიდეც, რომ რაღაც ეთქვა.

ამის საჭიროება [ახლა] გაჩნდა, რადგან მღვდელმთავართა რაღაც ნაწილმა ღიად დააფიქსირა თავისი სიმპათია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ”.

როგორ აისახება სიხისტე მოსაყდრის იმიჯზე?

მირიან გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ სანამ პატრიარქი ცოცხალია, მოსაყდრე შიო ხისტ განცხადებებს “მაინც ერიდება”.

“თუ პატრიარქი გარდაიცვლება და შიო გახდება პატრიარქი, მას წინ აღარაფერი დაუდგება, აიღოს ცალსახად მხარე”, – დასძენს ის.

სასულიერო პირის მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს, რომ მოქმედი პატრიარქის გარდაცვალებისა თუ გადადგომის შემდეგ ის ავტომატურად დაიკავებს მის ტახტს.

თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტი შიო პრეტენზიას განაცხადებს პატრიარქის ტახტზე? რამდენად მისაღები იქნება მართლმადიდებელი მრევლისთვის პატრიარქობის კანდიდატი, რომელმაც, არაერთის აზრით, პრაქტიკულად, ღიად დაიკავა მხარე პოლიტიკურ დისკუსიაში, რომელიც ყოფს საზოგადოებას?

თეოლოგი ლადო ნარსია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მიტროპოლიტი შიოს მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო.

“რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა [მოსაყდრე] ვერ აცნობიერებს იმას, რომ ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში უნდა შემოიტანო ისეთი მუხტი, რომელიც გაერთიანების, ადამიანთა შორის დიალოგის, გაერთიანების შესაძლებლობას გააჩენს”, — დასძენს ის.

ლადო ნარსია

ნარსია “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ეს ფაქტი მიტროპოლიტის “გამოუცდელობის” ბრალია. მისი აზრით, საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ენმ-ის ამომრჩეველი, ასეთ კანდიდატურას არ მიიღებს:

“რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისთვის მიუღებელია ისეთი რელიგიური ლიდერი, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ცეცხლზე ასხამს ნავთს.

რა თქმა უნდა, ზოგადად მიუღებელია ასეთი ფიგურა ქვეყნისთვის, რომელსაც არ შეუძლია პოლიტიკისა და მართვის საკითხების ისეთი გააზრება, რომელიც რელიგიასთან არის თანხმობაში და შერიგებასა და დიალოგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ეკლესიას ეს ფუნქცია აქვს. დემოკრატიებში ეს ფუნქცია დარჩა მას”.

მიტროპოლიტ შიოს გამოუცდელ მღვდელმთავრად განიხილავს მირიან გამრეკელაშვილიც. მისი თქმით, გამორიცხულია, მან “სანდოობის იგივე ხარისხს მიაღწიოს, როგორც ილია მეორემ”.

“ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ამას ვერ შეძლებს, მისი სიხისტე და გარე სამყაროსადმი უხეში დამოკიდებულებაა. თავად ეკლესიასა და სინოდშიც კი თითქმის არ ჰყავს არავინ, ვინც მას მხარს დაუჭერს”, — დასძენს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი