ახალი ამბები

სახარებაში არ წერია, რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე – მეუფე შიო “საყოველთაო შერიგებაზე”

17 ოქტომბერი, 2021 • 2551
სახარებაში არ წერია, რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე – მეუფე შიო “საყოველთაო შერიგებაზე”

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დღეს საკვირაო წირვაზე იქადაგა, რომ სახარებაში არ წერია, “რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, არამედ, სამართლიანად უნდა აღიკვეთოს ბოროტება და ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი”.

“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს”;

და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდიდა, მეთქვა თქვენთვის”, – იქადაგა დღევანდელ წირვაზე შიომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი