ახალი ამბები

სააკაშვილთან შესახვედრად ეპისკოპოსი მელქისედეკი მივიდა

15 ოქტომბერი, 2021 • 1508
სააკაშვილთან შესახვედრად ეპისკოპოსი მელქისედეკი მივიდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.

როგორც სასულიერო პირმა ციხეში შესვლამდე ჟურნალიტებს განუცხადა, სურს გაიგოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაესაუბროს მას:

“დღეს მოვედი, რომ ვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ვნახო მისი მდგომარეობა, გავესაუბრო, რა მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ, შუამავლის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წელია სულ დაპირისპირებაში ვართ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”, – ამბობს ეპისკოპოსი ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ, ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ურჩია შიმშილობა შეეტყვიტა, რაზეც ექსპრეზიდენტმა უარი განაცხადა. სასულიერო პირი მოწუდებს უფლებამოსილ პირებს სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი შეუშვან:

“უპირველეს ყოვლისა მინდა გადმოგცეთ, ყველას მადლობა გადაგიხადათ ვინც დაინტერესებულია მისი მდგომარეობით. ძალიან მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით და მე მინდა ვთხოვო ყველას ვისაც ხელეწიფება, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს.

ვურჩიე ხომ არ იყო უკვე დრო კორექტივები შეეტანა კვებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა მისი” – თქვა ეპისკოპოსმა.

რამდენიმე დღის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლის მოსანახულებლად ციხეში მიტროპოლიტი ნიკოლოზიც მივიდა. მანამდე, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან იმყოფებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, ასევე, მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

მღვდელმთავრების ნაწილმა კი სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათ შორისაა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი