ახალი ამბები

გუშინდელი გადაცემით გვარამიამ ომი გამოუცხადა ეკლესიას – ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი, 2021 • 6611
გუშინდელი გადაცემით გვარამიამ ომი გამოუცხადა ეკლესიას – ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ეკლესიას ომი გამოუცხადა.

ჯაღმაიძე ტელეკომპანიის ეთერში გასულ გუშინდელ გადაცემას ეხმიანება, სადაც გვარამია თავისი მონოლოგის დროს პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო გააკრიტიკა და მისი ქადაგების ნაწილი „სისაძაგლედ“ შეაფასა.

„გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც იჯდა თვითონ და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ შეახეთქა კლდეს, პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას და ჩვენ ვნახეთ მრავალი ეპითეტი, იქ გამოთქმული, რომელიც აქ მოწმობს,“ – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, რიგ თეოლოგებსა და ტელევიზიებს ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულება აქვთ შეკრული, მათ შორის არიან „ტვ პირველი“; „ფორმულა“ და „მთავარი არხი“.

რა მოხდა?

ბოლო დღეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა. მათ შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღნიშნულის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სახარების „არასწორ განმარტებაზე” ისაუბრა. მისი თქმით, იქ არ წერია, რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, — დასძინა მან.

კვირას, 17 ოქტომბერს „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა გადაცემა „მთავარი აქცენტები“, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნიკა გვარამიას მონოლოგი იყო. მან მონოლოგისას გააკრიტიკა როგორც მოსაყდრე შიო, ასევე მისი ქადაგება. გვარამიამ ასევე თქვა, რომ მიტროპოლიტი რუსულ უშიშროებასთანაა კავშირში.

„ისმის კითხვა, რას აკეთებდა იგი რუსეთში, ზაგორსკში, როდესაც იგი სწავლობდა – რასაც აკეთებენ სხვები. ზაგორსკის აკადემია არის რუსეთის უშიშროების რეკრუტირების ცენტრი. იქ არ იღებენ განათლებას, იქ ადგილს იკავებენ რუსეთის უშიშროების კარტოთეკაში.

ამ კაცს, რომელსაც შიო ჰქვია, ადგილი აქვს დათმობილი რუსული უშიშროების კარტოთეკაში, მაგრამ ეს ადგილი მხოლოდ მისი თანამშრომლობის წერილით არ შემოიფარგლება. იმ კარტოთეკაში ბევრი საინტერესო დოკუმენტი და ვიდეოფაილია, რომელიც ამ ადამიანს აიძულებს, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდეს და ილაპარაკოს ის სისაძაგლე, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. იყოს ქვეყნის მტერი, მისი თავისუფლების მტერი..,“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი