ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურა ე.წ. კანონიერი ქურდ „დედ ჰასანის” შვილიშვილის, ირაკლი უსოიანის ჩვენებისა და დაცვის მხარის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავთ: ირაკლი უსოიანი, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ კარტოზია და გიორგი ნინიკაშვილი, რომელთა ამორიცხვასაც პროკურატურა ითხოვს.
„ირაკლი უსოიანი ჩვენებაში ამბობს, ბაბუაჩემმა დაგვიბარა, თუ რამე მოგვივიდა, პასუხი არავის მოკითხოთო. ამგვარი შინაარსისაა დანარჩენი გამოკითხვაც და შინაარსობრივ ნაწილში არაფრის მომცემი არაა. ერთ-ერთი ადვოკატი ჩავიდა რუსეთში და გამოკითხა ეს ადამიანები. უცხოეთში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის სამართლებრივი დახმარება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს და მეორე, სამართლებრივი დახმარების მიღმა მტკიცებულების მოპოვება, რასაც პროკურორის თანხმობა სჭირდება. ამიტომ ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები“, — განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ IPN-ის ცნობით.
მისივე ცნობით, დაცვის მხარის მოწმეთა სიაშია პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მოსკოველი ბიზნესმენი მამუკა ფიფია. პროკურორის თქმით, ის ჩვენებაში აცხადებს, რომ ფარცხალაძესა და ჯანგველაძეს შორის დაპირისპირების შესახებ არაფერი სმენია.

სასამართლოში გამოიკითხა პოლიციელი რომიკო გოგიაშვილი, რომლის პატაკის მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად ე.წ. კანონიერი ქურდ „დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანია მოხსენიებული, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ბაბუის მკვლელობაში სწორედ ჯანგველაძის ხელი ერია. მოკლული ჯანგველაძის ძმა ტარიელ ონიანთან დაახლოებული ე.წ. კანონიერი ქურდია და მისი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. რუსულ პრესაში გავრცელებული ცნობებით “დედ ჰასანის” ჯგუფსა და ტარიელ ონიანს შორის წლების განმავლობაში არსებობდა უთანხმოება.
თბილისელი ასლან უსოიანი, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი როგორც „დედ ჰასანი“, 2013 წლის 16 იანვარს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოკლეს. მკვლელობა დაქირავებულმა მკვლელმა, სნაიპერმა შეასრულა. თავდასხმა დღისით, მოსკოვის ცენტრში, პოვარსკაიას ქუჩაზე მოხდა. უსოიანი რესტორან „სტარი ფაეტონის“ შენობაში შედიოდა, როდესაც მას ესროლეს.
ოფიციალურად, უშუალოდ “დედ ჰასანის” მკვლელის ან მკვლელობის შემკვეთის ვინაობა დღემდე დაუდგენელია და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს საქმე ბოლომდე არ გაუხსნიათ. თუმცა, არსებობს რამდენიმე გავრცელებული ვერსია, რომლებიც ძირითადად კრიმინალური კლანების გავლენების გადანაწილებას უკავშირდება.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობა ჩაიდინა. ფარცხალაძე ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
დეტექტივ რობიკო გოგიაშვილის პატაკის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც შეეხებოდა სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული ძმებს, გიორგი და დავით მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს, ასევე გელა უძილაურს, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებელს. გიორგი მიქაძე პატიმრობაშია, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი და ორივე მათგანზე ძებნაა გამოცხადებული.
ბრალდებულები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ჯანგველაძის მკვლელობის უკან სწორედ ისინი დგანან.
