ახალი ამბები

თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას ეკლესიის მიმართ — სააკაშვილი

18 ოქტომბერი, 2021 • 1971
თავდასხმები ვერ შეარყევს ჩემს რწმენას ეკლესიის მიმართ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “დაუმსახურებელი თავდასხმები” ეკლესიისადმი მის რწმენას ვერ შეარყევს.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მოკლე კომენტარი ფეისბუქზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ძლიერ გულსატკენი, არაადამიანური და დაუმსახურებელი თავდასხმები, საიდანაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ვერ შეარყევს ჩემს რწმენას მთლიანობაში და ვერც ჩემს სიყვარულს ჩვენი დედაეკლესიის მიმართ”, — აცხადებს ის.

ბოლო დღეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელი მოაწერა. მათ შერიგების მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს.

აღნიშნულის შემდეგ, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სახარების “არასწორ განმარტებაზე” ისაუბრა. მისი თქმით, იქ არ წერია, რომ ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე.

ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”, — დასძინა მან.

მიტროპოლიტ ანანიას თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს მოაწერს

მასალების გადაბეჭდვის წესი