ახალი ამბები

„ალმა“ არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა „ევსაქების“ ბანერის გამოკვრას

7 ოქტომბერი, 2021 • 1179
„ალმა“ არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა „ევსაქების“ ბანერის გამოკვრას

კომპანია “ალმა” არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა “ევროპული საქართველოს” ბანერის გამოკვრას და აცხადებს, რომ ეს საკითხი სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით ამოწურეს.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას აპირებს “ალმა”, რომელსაც “ევროპული საქართველოს” ბანერის გამოსაკრავად ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს, ეწურება.

საუბარია ბანერზე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია გამოსახული. პასუხად კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დღეს, 7 ოქტომბერს გარვცელებულ განცხადებაზე მიგვითითა.

ამ განცხადების მიხედვით, “ალმა” ითხოვს, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.

“ჩვენ ეს თემა სრულად ამოვწურეთ ამ განცხადებით”, – გვიპასუხეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თავად “ევროპული საქართველო” კი აცხადებს, რომ “ალმა” მათი ბანერის გაკვრას ტექნიკური მიზეზით აჭიანურებდა და პარტიას მის ბილბორდთან დაკავშირებით აღნიშნული განცხადების შემდეგ არავინ დაკავშირებია.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ნონიაშვილი ამბობს, “ალმას” ინიციატივა არაგულწრფელია და მხოლოდ რეპუტაციის შენარჩუნებას ემსახურება, რადგან პარტიის ბანერის გამოქვეყნება არ სურს.

„ეს არის საფრთხის შემცველი ქმედება იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მსგავს შინაარსში არ უნდა ერეოდეს და ეს თავად “ალმას”, როგორც კერძო კომპანიის, გადასაწყვეტი იყო წინასაარჩევნო პროცესში, თუ ეს მას რეალურად აწუხებდა.

ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სინამდვილეში არაგულწრფელები არიან იმიტომ, რომ “ევროპულმა საქართველომ” ასევე წინასაარჩევნოდ შეუკვეთა პოლიტიკური სატირის შემცველი ბანერების განთავსება, რომელზეც დღემდე უარზე არიან და საკონტრაქტო ვალდებულებებს არ ასრულებენ. ეს არის სრულიად არაგულწრფელი პიარული სვლა და ასევე, შინაარსიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველი“, — განაცხადა ნონიაშვილმა.


კომპანია „ალმა“ ითხოვს, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.

„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას “ალმა” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანამ პარლამენტი მსგავს კანონს მიიღებს, კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

სარეკლამო კომპანიის ამ განცხადებას წინ უძღოდა „ევროპული საქართველოს“ სურვილი, დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე გამოეკრა რეკლამები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია გამოსახული. პარტია იმედს გამოთქვამდა, რომ ბილბორდების მფლობელი „ალმა“ ისევე დაუშვებდა ასეთი რეკლამის განთავსებას, როგორც ეს ანტიოპოზიციური რეკლამის შემთხვევაში გააკეთა.

თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2 ოქტომმბრის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებდა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

29 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შპს „ალმას“, რომლის კუთვნილ ბილბორდებზეც ოპოზიციონერების გამოსახულებით „სისხლიანი“ ბანერებია განთავსებული, საკუთარ პოსტერს მიუტანდენ, რათა „იმავე სტანდარტით“ ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გაეკრათ.

პასუხად კომპანია „ალმამ“ განაცხადა, რომ მზადაა, განათავსოს „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია ნაჩვენები.

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი