ახალი ამბები

წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორი ამომრჩეველს პირადობებს ართმევს – ის ბრალდებას უარყოფს

18 ოქტომბერი, 2021 • 1884
წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორი ამომრჩეველს პირადობებს ართმევს – ის ბრალდებას უარყოფს

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი, ანი წითლიძე აცხადებს, რომ „ენგურჰესის“ ხელმძღვანელი პირები გალში მცხოვრებ ამომრჩეველს პირადობებს ართმევენ, რითაც კანონს არღვევენ.

ამასთან, წითლიძის თანახმად, „ქართული ოცნება“ მათი მეშვეობით აწარმოებს მოლაპარაკებებს საოკუპაციო რეჟიმთან, რათა კენჭისყრის დღეს დე ფაქტო საზღვარი ჩაიკეტოს და ოპოზიციას ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცეს ხმა.

„ენგურჰესის“ წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ.

წითლიძის ბრალდება

ანი წითლიძემ 18 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ენგურჰესის“ ორი ხელმძღვანელი პირი -გენერალური დირექტორი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია – „უკანონო ქმედებებს“ სჩადიან. კერძოდ:

  • „მონაწილეობენ გალში მცხოვრები მოქალაქეების პირადობების ჩამორთმევაში, რათა მათ მეორე ტურებში (ისინი ზუგდიდში აძლევენ ხმას) მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ“.
  • „აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხელისუფლების სახელით რუს ოკუპანტებთან, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა“.

წითლიძის ცნობით, გენდირექტორი ლევან მებონია ამავე დროს არის „ქართული ოცნებისა“ და წალენჯიხის საკრებულოს წევრი. ხოლო ჯონი ჭანიას ცოლი, დარეჯან დადიანი, წალენჯიხის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

„შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს“, – განაცხადა წითლიძემ.

ბრალდების წყარო

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ანი წითლიძეს კითხვით, აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესაბამისი ფოტო, ვიდეო ან აუდიომტკიცებულება, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ბრალდების წყაროა გალში მცხოვრები ადამიანები.

„ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი ამომრჩევლები, რომლებიც მოვიდნენ ჩემთან ისე, რომ არც კი ვიცნობდი. მათთვის სცადეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და როდესაც მათ არ მისცეს საკუთარი პირადობები, მაშინ უთხრეს, რომ მაინც ვერ მისცემენ ხმას, რადგან მოლაპარაკებები აქვთ რუსებთან და მაინც ჩაკეტავენ საოკუპაციო ხაზს“, – ამბობს წითლიძე.

წითლიძემ ასევე გვითხრა, რომ აპირებს, პროკურატურას მიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მათი ინტერესიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერც უწყებას დაუსახელებს იმ პირთა ვინაობას, ვინც აღნიშნულის შესახებ კონფიდენციალურად შეატყობინეს, რადგან უწყების ნდობა არ აქვს.

ენგურჰესის პასუხი – „წარმოუდგენელი ცილისწამება“

ენგურჰესის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ.

დირექტორმა ლევან მებონიამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში წითლიძის ბრალდებას უწოდა „წარმოუდგენელი ცილისწამება და ტყუილი“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ჩამოურთმევია თუ არა პირადობის მოწმობა თანამშრომლებისთვის ან გალში მცხოვრები ადამიანებისთვის, ან უცდია თუ არა ეს, ეს კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა:

„არა, რას ლაპარაკობთ. რა უფლება მაქვს, ვიღაცას პირადობის მოწმობა წავართვა და მოვთხოვო? რა ძალა მაქვს… ან ვინ მომცემს, რომ ვუთხრა“.

რაც შეეხება ბრალდებას მოლაპარაკებების წარმოებაზე საოკუპაციო რეჟიმთან,  მებონია ამასაც უარყოფს, ამბობს, რომ ამ ბრალდებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

„ვისაც შეუძლია ასეთი მოლაპარაკება აწარმოოს და რუსეთს დააკეტინოს საზღვარი, ალბათ, ის ძალაც ექნება, გაახსნევინოს, ხომ? მერე, როგორ არის ახლა? მე ვარ ისეთი პიროვნება, რომ საზღვარი გავახსნევინო ან დავაკეტინო? ვინ მიმიშვებს საერთოდ ახლოს მაგათთან მოსალაპარაკებლად?“.

ბრალდებებს უარყოფს ჯონი ჭანიაც. ჭანია, რომელიც, როგორც ამბობს, ენგურჰესის მთავარი კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, გვეუბნება:

„ავტობუსი დგას იქ. ყველა ითხოვს გადმოსვლას და მე არ ვარ ამის საქმის კურსში, მაგრამ იქ ოპოზიციონერიც გადმოდის, პოზიციონერიც, ყველანაირი გადმოდის და ყველას ერთნაირად ეხება ჩაკეტვაც“, – ამბობს ჭანია.

ის ადასტურებს, რომ მისი მეუღლე წალენჯიხის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, თუმცა ამას ბრალდებასთან საერთო არაფერი აქვს:

„მერე რა? ამის გამო მე გავვარდი აფხაზეთში და დევნილების პირადობებს ვართმევ?”.


2021 წლის 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, საქართველოს მოქალაქეებს გალიდან, – გამყოფ ხაზთან მდებარე რაიონიდან, – ენგურის ხიდისკენ, ზუგდიდში არ უშვებდნენ. ამავდროულად, ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილება არ იყო შეზღუდული, ხოლო გალიდან მხოლოდ ჰესის თანამშრომლებს ატარებდნენ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ შეზღუდვა არა ქართული მხარის, არამედ საოკუპაციო რეჟიმის დაწესებული იყო:

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, – განაცხადეს სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი