ახალი ამბები

გალიდან მოქალაქეებს ზუგდიდში არ უშვებენ – ხმის მიცემის უფლება იზღუდება

2 ოქტომბერი, 2021 • 626
გალიდან მოქალაქეებს ზუგდიდში არ უშვებენ – ხმის მიცემის უფლება იზღუდება

საქართველოს მოქალაქეებს გალიდან, – გამყოფ ხაზთან მდებარე რაიონიდან, – ენგურის ხიდისკენ, ზუგდიდში არ უშვებენ. ამ შეზღუდვით ხმის მიცემის მსურველი ადამიანების უფლება იზღუდება.

„ნეტგაზეთის“ რეპორტიორს ინფორმაცია დაუდასტურა როგორც გალში მცხოვრებმა პირმა, ასევე, გამყოფ ხაზთან მყოფმა სამართალდამცავმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ამავდროულად, ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილება არ არის შეზღუდული, ხოლო გალიდან მხოლოდ ჰესის თანამშრომლებს ატარებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ შეზღუდვის მიზანია, ოპოზიციურ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდონ. გალში მცხოვრები არაერთი მოქალაქე ზუგდიდში აძლევს ხმას.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც არ სურს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება, ოპოზიციის ამომრჩეველია და ამბობს, რომ სურდა ენგურის ხიდზე გადმოსვლა, თუმცა ვერ მოახერხა. მან არ იცოდა შეზღუდვის ზუსტი მიზეზი, ან ის, ვის მიერ იყო გადაადგილება შეზღუდული.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ შეზღუდვა არა ქართული მხარის, არამედ საოკუპაციო რეჟიმის დაწესებულია:

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, – ამბობენ სუს-ში.

„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა. მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს. მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა“, – წერია უწყების გავრცელებულ კომენტარში.

სუს-ის თანახმადვე, „დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“.


2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით 64 მერს ირჩევენ. ამასთან, ირჩევენ 64 საკრებულოს 2 068 წევრს შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული წესით. ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345-ია.

ზუგდიდში, 67-ე ოლქში, – რომელიც ქალაქსა და გარეუბნებს მოიცავს, – 109 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.

ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: „ქართული ოცნებიდან“ – მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია, გიორგი გახარიას პარტიიდან – ყოფილი მერე გეგა შენგელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – ილია ჩაჩიბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი