ახალი ამბები

„სისტემურ ალიანსს არავის შევუქმნით“ — გახარია საკრებულოების დაკომპლექტებაზე

15 ოქტომბერი, 2021 • 1629
„სისტემურ ალიანსს არავის შევუქმნით“ — გახარია საკრებულოების დაკომპლექტებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვების მიზნით მისი პარტია კოალიციას არ შეუქმნის არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

გახარიას თქმით, ის შეეცდება, ორივე პარტიას თანაბარი გავლენა ჰქონდეს საკრებულოებზე და რომელიმეს პარტიას არ ჰქონდეს ქალაქის ხელისუფლების მუშაობის შეფერხების საშუალება. ამის შესახებ გახარიამ ტვ „პირველის“ ეთერში დღეს, 15 ოქტომბერს ისაუბრა. ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მას ჰკითხა, თუ ვისთან ერთად შექმნიდა კოალიციას რუსთავის, ბათუმისა და სხვა ქალაქების საკრებულოებში, რადგან ენმ და „ოცნება“ აქ დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ უმრავლესობის ფორმირებას.

„თუ ეს ორი ვერ შეთანხმდება საკრებულოს დაკომპლექტებაზე და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე…. ჩემი მიზანია, ეს ორი არანორმალური ერთმანეთთან დავსვათ და შეთანხმდნენ“, — თქვა გიორგი გახარიამ ენმ-სა და „ქართულ ოცნებაზე“.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მაგალითად, თუ ბათუმის საკრებულოში აღნიშნული ორი პარტია ვერ შეთანხმდება საკრებულოს თანაბრად დაკომპლექტებაზე, პარტია „საქართველოსთვის“ „სისტემურ ალიანსს არავის შეუქმნის“.

„ნაცები და ოცნება ტანგოს ცეკვავენ ერთად საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების მომავლის ხარჯზე“ — აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ ეს პარტიები ერთმანეთს აძლიერებენ დაპირისპირებით.

გახარიამ ისაუბრა რუსთავის საკრებულოს დაკომპლექტებაზეც, სადაც მის პარტიას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია საკრებულოს უმრავლესობის ჩამოყალიბებაში.

„რაღაც კომისიები უნდა იყოს ნაცური, რაღაც — ქოცური, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ სრულად საკრებულოს ფუნქციის მონოპოლიზაციის შესაძლებლობა. მათ უნდათ, რომ საკრებულოს დონეზე ერთ მათგანს შევუთანხმდეთ და სრულად აკონტროლონ საკრებულო“, — თქვა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი