ახალი ამბები

გვაქვს მოლაპარაკებები საკრებულოებში გახარიას პარტიის დეპუტატებთან – სუბარი

15 ოქტომბერი, 2021 • 3467
გვაქვს მოლაპარაკებები საკრებულოებში გახარიას პარტიის დეპუტატებთან – სუბარი

„ქართული ოცნების“ პარლამენტარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებები აქვს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან.

14 ოქტომბერს, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ვიზიტისას სოზარ სუბარმა განაცხადა:

„რომ ველაპარაკოთ ადამიანს, „ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა, გადმოდი სწორ მხარეს, – ეს გადაბირება არ არის“.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ „ბუნებრივია“, გახარიას პარტიის წევრებთან საუბრობენ და „ეს არის პოლიტიკური პროცესი“.

„თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან ალიანსი – იქნება რამდენიმე ოპოზიციური საკრებულო, მერე რა?!“, – განაცხადა მან.

გახარიას განცხადება

გიორგი გახარიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების დასაკომპლექტებლად მის პარტიასთან ფარულ მოლაპარაკებებს ცდილობდნენ.

„ოცნება ცდილობს, ჩვენს საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, ბინძური მეთოდებით, მათ გადაბირებას“, – განაცხადა მან.

ექსპერმიერის განცხადებით, ამ მცდელობების მიზანია, საკრებულოებში ერთპარტიული მმართველობა იყოს, რაც, მისი შეფასებით, მიუღებელია, ამიტომაც ორივე პარტიას სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკება შესთავაზა.

გახარიას თქმით, თუ რომელიმე მხარე არ ისურვებს ამ ფორმატში მონაწილეობას ან ამ ფორმატში ვერ მიიღება გადაწყვეტილება, პარტია იმოქმედებს მისთვის ფუნდამენტური პრინციპით:

„არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება“.

მან ასევე თქვა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გეგმავენ კოალიციას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი