ახალი ამბებირეკლამა

შრომა შინ და გარეთ | ქალები სოფლად

15 ოქტომბერი, 2021 • 2012
შრომა შინ და გარეთ | ქალები სოფლად

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ქალები ამზადებენ საჭმელს, უვლიან ბავშვებს, მოხუცებს, შეუძლოდ მყოფ ოჯახის წევრებს, ალაგებენ სახლს და ამაში ისინი სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს აუნაზღაურებელი საშინაო შრომაა. 

მსგავსი ტიპის შრომა ადამიანებისთვის დაცულ, უსაფრთხო გარემოს ქმნის. 

„ეს შრომა რომ შეფასებულიყო საათობრივი მინიმალური ხელფასის საფუძველზე, გლობალური მშპ-ს 9 პროცენტი იქნებოდა, რაც 11 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, – წერს ლაურა ადატი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკის სპეციალისტი.

  • რა პრობლემას ქმნის საშინაო შრომის არაღიარება?

საშინაო შრომა რომ სწორად შეფასდეს, უპირველესად, ის უნდა იყოს აღიარებული. საშინაო, ზრუნვითი შრომა ძირითადად არ არის ქალების არჩევანი, ის ადრეული ასაკიდან ჩნდება ქალის ცხოვრებაში, როგორც მოვალეობა და მისი დროის ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს.

აუნაზღაურებელ შრომას როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქალებისთვის.  მსგავსი შრომა აფერხებს ქალების სწრაფვას განათლებისადმი, ანაზღაურებად შრომაში ჩართვას, დასვენებასა და სოციალურ ცხოვრებას.

  • საშინაო შრომა სოფლად

„სოფლის დასახლებებში კიდევ უფრო მეტია აუნაზღაურებელი შრომის აქტივობების წილი, რაც მოიცავს წყლითა და შეშით სახლის მომარაგებას. ხშირად, ეს აუცილებელი რესურსები სახლისგან შორს მოიპოვება. ეს ასევე მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მუშაობას და შინაური ცხოველების მოვლას.

ზრუნვის შრომა არ არის კომპენსირებული, აღიარებული და ანაზღაურებული.

სოფლად ქალების მიერ შესრულებული სამუშაოს ტვირთი, სოციალური სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონის გამო, შესაძლოა, ორჯერ უფრო მეტ დროს მოითხოვდეს ქალაქთან შედარებით. ამავდროულად, ქალებმა, სოფლად მცხოვრებ კაცებთან შედარებით, შესაძლოა, ოთხჯერ მეტი დრო დახარჯონ ამ საქმიანობების შესრულებაში”, – ამბობს FAO Georgia-სთან ინტერვიუში დონო აბდურაზაკოვა, გენდერისა და სოციალური დაცვის უფროსი მრჩეველი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში [ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი].

დონო აბდურაზაკოვა

2018 წლიდან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტს საქართველოში’’. პროექტის ფარგლებში, პანდემიის კვალდაკვალ, იმ ქალების მხარდაჭერა გახდა შესაძლებელი,, რომლებსაცპანდემიის დროს აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ყველაზე მეტად შეეხო. მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების და, აგრეთვე, იმ ქალების, რომლებიც შინ ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან  ავადმყოფ წევრებზე ზრუნავენ.

პროგრამით გათვალისწინებული იყო სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობებისა თუ  დანადგარების შეძენა ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებში.

ლეილა გურგუჩიანი ლეჩხუმში, ტვიშის თემში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ლეილას მეუღლეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მხოლოდ სპეციფიკური საკვების მიღება შეუძლია. ასევე, განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო, ოჯახის საკუთრებაში არსებული იშვიათი ჯიშის ვენახი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს:

„ჩემი მეუღლისთვის მიწევს სპეციალური საკვების კეთება, დაბლენდერებული უნდა იყოს. პურს სახლში ვაცხობ, ასევე ვწურავ წვენებს. საშინაო შრომა ჩემთვის დიდ დროს მოითხოვს.

საკვების მოსამზადებელი შესაბამისი ტექნიკის დამსახურებით, ცოტა დრო ჩემთვისაც გამომითავისუფლდა. მაგალითად, ზაფხულობით პურის გამოსაცხობად აუცილებლად უნდა დამენთო ღუმელი ან თონეში ჩამეკრა პური, რაც საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მზიან ამინდებში. 

გვაქვს ვენახიც, რომელსაც მოვლა სჭირდება. შრომის შესამსუბუქებლად გადმოგვეცა შესაწამლი აპარატი, რომელიც საკმაოდ გვიმარტივებს ვენახის მოვლას. ტექნიკის დამსახურებით დრო შედარებით გამომითავისუფლდა”,- ამბობს ლეილა.

ლეილა გურგუჩიანი

ელენა ტაბატაძე ახალგაზრდა, მრავალშვილიანი დედაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ტკოცადან. ელენეს შვილებიდან ერთი მცირეწლოვანია, ხოლო ხუთი მათგანი კი – სკოლის მოსწავლე. შვილებზე ზრუნვასთან ერთად, იგი ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა თემის სკოლაში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით არის დაკავებული. 

მის ოჯახს, გაეროს პროექტის ფარგლებში, გადაეცა სიმინდის საფშვნელი აპარატი, ასევე წისქვილი და ძროხის მოსაწველი დანადგარი. 

„წელს უკვე გამოვიყენეთ სიმინდის საფშვნელი აპარატი, რომელმაც მართლა ძალიან შეგვიმსუბუქა შრომა, ბევრად მალე დამთავრდა ეს ხანგრძლივი სამუშაო.

„ასევე, ზამთარში ველოდებით 2 ხბოს და ვფიქრობთ, ამ მხრივაც უკვე გავაფართოებთ ჩვენს საქმიანობას“, – ამბობს ელენა.

სოფელში ქალების მთელი დღე დაკავებულია სხვადასხვა საქმიანობით. ელენა ამბობს, რომ მათ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ სოფელში მცხოვრები ქალების ყოფას.

ელენა ტაბატაძე

„ძირითადი წინააღმდეგობა ბაღის არქონასთან დაკავშირებით არის ის, რომ არ არის სოფელში ბაღის შენობა, თუმცა არის ყოფილი კინოს შენობა, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და ვფიქრობთ, რომ იქ შეიძლება ბაღის მოწყობა. ეს სოფლის ქალებს საქმეს შეუმსუბუქებდა“, – ამბობს ელენა.

ტექნიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ქალებისთვის თანასწორი გარემოს შექმნაზე ზრუნვაც, სადაც ისინი შეძლებენ მათთვის მისაღები ცხოვრების სტილის არჩევას. „თურქეთში, მაგალითად, ადვოკატირების შედეგად, ქალებისათვის დღის ზრუნვის ცენტრები გაიხსნა. ბავშვებზე ზრუნვის ეს სერვისები ქალების მხარდამჭერი იყო, რამდენადაც, მათ გამოუთავისუფლდათ დრო და შეეძლოთ სწავლაზე კონცენტრირება, მათ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობებიც მიეცათ”, – ამბობს დონო აბდურაზაკოვა.

იმისთის, რომ სწორად დაიგეგმოს სახელმწიფო ბიუჯეტი და პოლიტიკა ქალებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ქალთა უხილავი შრომის გაზომვა, რომლის მიდგომებიც უკვე არსებობს: 

“ განვითარების კვლევებში აუნაზღაურებელი შრომა განსაკუთრებული მიდგომებით იზომება. დროის გამოყენების კვლევები რეგიონში არსებული სხვადასხვა სტატისტიკური ოფისის მიერ გამოიყენება და ის საკმაოდ ზუსტად აღწერს, თუ რა დროს უძღვნიან სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ქალები და კაცები ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ აქტივობებს ზრუნვის აქტივობების ჩათვლით.’’

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ქალების როლის, მათი გამოწვევებისა და პრობლემების გამოკვეთას.


სტატია მომზადებულია “სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობა საქართველოში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა. სტატია შეიქმნა ამავე პროექტის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში — “დაინახე და გადაანაწილე სოფლად მცხოვრები ქალების აუნაზღაურებელი შრომა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი