საზოგადოება

გულნარას საკუთარი ოთახი

18 იანვარი, 2024 • 1804
გულნარას საკუთარი ოთახი

„25 წლის შემდეგ დედამთილისგან წასული ქალი, შვილის და შვილიშვილების ხათრით, მოვბრუნდი ოჯახში. ყველაფერს ვიფიქრებდი ჩემს ცხოვრებაში, იმის გარდა, რომ ამ ეზოში ჩემი ყოფილი დედამთილის მოსავლელად მოვბრუნდებოდი, მაგრამ მოვბრუნდი და მოვუარე”, – გვიყვება 69 წლის გულნარა ტეფნაძე.

იგი სოფელ როხში ცხოვრობს, სახლში, სადაც დაქორწინების შემდეგ 11 წელი გაატარა, დედამთილთან უთანხმოების შემდეგ კი, გაშორდა ქმარს და საცხოვრებლად სოფელ ნაგარევში გადავიდა. შვილის, რძლისა და შვილიშვილების დასახმარებლად (რომლებსაც ნაგარევიდანაც მუდმივად პატრონობდა) 25 წლის შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სახლში და დედამთილისთვის მოევლო. წლების განმავლობაში ნელ-ნელა მოაწყო სახლი, რომელიც ხანძრის შემდეგ განადგურებული დახვდა. ბოლოს კი ააშენა „საკუთარი ოთახი”.

  • წასვლა და დაბრუნება

გავცილდი მეუღლეს, წავედი ნაგარევში და დავესახლე ჩემთვის. თავიდანვე არ ვიყავი წადი-მოდის მომხრე, როცა უკიდურესად მიჭირდა და აქ ჩემი გაჩერება აღარ შეიძლებოდა, გადავედი, თორემ სამსახურიც კარგი მქონდა და ოჯახშიც კარგად ვიყავი. მაგრამ, როცა გადავედი, საბოლოოდ გადავედი.

იქ იყვნენ თუ აქ, შვილისა და შვილიშვილებისთვის ყურადღება არასდროს არ მომიკლია, მოვაყენებდი პატარა მანქანას და ვცლიდი. მამამთილი მყავდა ისეთი კაცი, ერთი სიტყვა ერთმანეთისთვის ნათქვამი არ გვქონდა. რომ გავაჩერებდი მანქანას და ჩამოვზიდავდი ქილებს, მკვდარ-ცოცხალი იდგა კიბესთან და მიყურებდა. რადგან შვილს ვერ ჰქონდა აწყობილი ცხოვრება ცოლ-შვილთან ერთად, იძულებული ვიყავი იქიდან ყველანაირად შემეწყო ხელი.

ჩემი შვილი საზღვარგარეთ წავიდა, მისმა ცოლ-შვილმა კიდევ ჩემს დედამთილთან ვერ გაძლო, ბოლოს კი ისე წავიდა საქმე, რომ ისევ აქ მოვედი. როცა მოვბრუნდი, მამამთილი და ქმარი უკვე გარდაცვლილები იყვნენ, შვილს და რძალს კი უამრავი ვალი ჰქონდათ, ამიტომ იძულებული გავხდი ბავშვები დამეტოვებინა და რძალიც სამუშაოდ გამეშვა საზღვარგარეთ.

სახლიდან რომ გადავედი, ევრორემონტი მქონდა გაკეთებული, ჩემი ხელით იყო გაკეთებული ყველაფერი (წასვლამდე ამ სახლში 11 წელი ვცხოვრობდი). გააჩინეს ცეცხლი და გამოწვეს ყველაფერი. მოვედი 25 წლის მერე და ნულიდან დავიწყე ყველაფრის გაკეთება. თეფში არ იყო, ამ სკამების საყიდელი 170 ლარი მეზობლისგან ვისესხე და სამი წელი მქონდა ვალი, მე-9 წელია, რაც ვიყიდე. ჭერი ხელახლა ავაკარი, ჩემი დედამთილი დერეფანში იწვა… ახლა ეს ყველაფერი მიშიკოს [შვილიშვილს] რჩება და ამიტომ, არ მენანება ჩემი შრომა.

რომ არ დავბრუნებულიყავი, ეს სახლი აღარ ექნებოდა ბიჭს მოწყობილი, საცოლო ბიჭია უკვე, 23 წლისაა.

ნელ-ნელა დავიწყე ყველაფრის კეთება, ნელ-ნელა ვისტუმრებდი ვალებს. ბანკიდან 3000 ლარი მქონდა გამოტანილი, ის ფული ივანიშვილმა სესხები რომ ჩამოწერა, მაშინ ჩამომეწერა, მაგრამ გაშავებული დავრჩი. ამაზეც ბევრი ვიწვალე. ახლაც კი მაქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი, მაგრამ გათეთრებული ვარ, პირნათლად ვიხდი ყველაფერს. შვილის ვალებიც გავისტუმრე, ისე აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, მევალეები სულ კარებზე იყვნენ დაყუდებული.

ჩემმა რძალმა იქიდან რაც ქნა, ქნა, ყველაფერი ვერ ქნა. მეტს ის რას იზამდა, საჭმელ-სასმელს ხომ ვერ გამომიგზავნიდა, მარტო ჩემი პენსია კიდევ რას იზამდა. ამიტომ ვიყიდე საქონელი, ღორებიც მოვაშენე.

ცოტა რომ მოვძლიერდი, ბავშვებიც წამოიზარდნენ და უკვე შეიძლებოდა დატოვება, დავიწყე სათბურებში მუშაობა. მეზობელი ქალები მუშაობდნენ და მეც დავემატე. ასე შევიკარით ჯგუფად. ამის მერე გავიმართე წელში, ახლა 50 ლარზე ვართ ასულები, ყანებში 50 ლარად ვმუშაობთ დღეში, სათბურებში – ორმოცად. შარშან, ახალ წელს ერთი დღე არ გაგვიცდენია, ახალი წლის წინა დღეს დამპალ ცერეცოს ვკრეფდით, ვაჭრები კარზე გვადგებოდნენ გეგუთში და მიჰქონდათ. წელს სულ რამდენიმე დღე ვიმუშავეთ და გამიჭირდა, მაგრამ ახლა საჭმელ-სასმელი არ მიჭირს და ამიტომ არ მეშინია.

გააღეთ ჩემი მაცივარი, თუ აქვს ამ სოფელში ვინმეს ჩემდენი ხორცი, კურდღლები გასუფთავებული მიწყვია, ნაშემოდგომევს ოცი თოთო ბროილერის წიწილა ვიყიდე და ამ გამათბობელთან გავზარდე, ორ თვეში ორკილოიანები იყვნენ, დავკალი ოცივე ერთად და გასუფთავებული მიწყვია მაცივარში. ეკალა ბევრი მაქვს, ქილები მაქვს გატენილი ყველაფრით.

ცოცხალი ადამიანი საჭმელი არ მაქვსო, რომ იტყვი, ჭამის ღირსი არა ხარ.

 წელს ყანა არ მქონდა დათესილი, ერთი ტრაქტორისტია, აჩეხილ ყანას ვყიდი, აჩერგილებულსო. რამდენად ყიდი-მეთქი, 55 ჩერგილია, 1500 ლარად ვყიდი ჩალიანად, მარტო გარჩევა უნდაო. აბა, ქალებო, მიშველეთ-მეთქი, წავედით, გავარჩიეთ და 900 კილო სიმინდის კაკალი ჩავყარე „ბოჭკებში“. ვალების გადახდის მერე რაც მრჩებოდა, იმ ფულით ლატარიას ვთამაშობდი, ერთ თვეში ავიღე ლატარიის ფული, მივუტანე იმ კაცს და გავისტუმრე.

გულნარა გარემონტებულ სამზარეულოში

  • საკუთარი ოთახი

აქ ბავშვები რომ მოიყრიდნენ თავს, არ გვყოფნიდა ოთახები. ბავშვები რომ წვებოდნენ, მეკითხებოდნენ, შენ სად წვები, ბებიაო? დაწექით, ბებია, და სადაც დარჩება ადგილი, იქ დავწვები-მეთქი, ვპასუხობდი. გასაშლელი დივნები მაქვს, გავშლიდი ან ერთ, ან მეორე დივანს და ვწვებოდი. წუხელ ვიწექი ახალ ოთახში და ამ დილას ვუთხარი ბავშვებს – ბებია, ნეტა იცოდეთ, რა გემრიელად მეძინა იმ ოთახში-მეთქი.

პირველად სახლის წინა მოედანი ამოვაშენე, მერე დავფიქრდი, ოთახის პრობლემა მაქვს და ერთი ოთახის აშენება უნდა მოვახერხო-მეთქი, ამ დროს ჩემი შვილი ავარიაში მოყვა საზღვარგარეთ, ოღონდ აქამდე ჩამოეყვანათ და არაფერს ვჩიოდი. ჩამომიყვანეს, ახლა სულ აღარ მეყო ოთახები, ავადმყოფი წინა ოთახში დავაწვინე, ბავშვები – სხვა ოთახებში. ვთქვი, ახლა წავედი, უნდა მოვიტანო ბლოკები, აქ ერთი ოთახი ჩემთვის უნდა ავიშენო, რომ სიბერეში ერთი ოთახი მქონდეს, გამოვალ, აბაზანაში შევალ, აგერ მაქვს ყველაფერი-მეთქი.

მოვიტანე ბლოკები, წავედი სამუშაოდ, დაიწყო მშენებელმა მუშაობა. როცა მოვედი, ეს კაცი წასული დამხვდა, თითქმის ყველაფერი აშენებული იყო. გათენდა, დილას 5 საათზე ვდგებოდი, რომ ყველაფერი მომესწრო (საჭმლის გაკეთება, დატოვება). გამოვხედე ამ კედელს და არასწორადაა აშენებული. ჯერ არ იყო მშენებელი მოსული, შემოვედი სახლში და შვილს ვუთხარი (იმხელა ტრავმები და ნერვიულობა მაქვს ყველაფერზე გადატანილი, ძალიან ვნერვიულობდი ყველაფერზე), მე მეზობელთან გადავალ, მოვა მშენებელი, გამოდი და შეხედე ამ კედელს, სად იყავი გუშინ, არ შეგეძლო ამისთვის შეგეხედა-მეთქი?! აიღე ტელეფონი და გადაიღე, რა როგორ არის, არ დამხვდეს ეს კედელი აქ-მეთქი. საათ-ნახევარი – ორი საათი ვიყავი მეზობელთან, შემატყვეს, რომ ნანერვიულები ვიყავი. როცა მოვედი, კედელი დაშლილი და ბლოკები ძირს დაწყობილი დამხვდა.

აღარ ვამბობ არაფერს, შეცდომა ყველას მოსდის-მეთქი – ვუთხარი მშენებელს და ისე დაამთავრა ოთახი, შენიშვნა აღარ მიმიცია. ასე იყო თუ ისე, მოვაბი თავი. ჭერი კია გაულესავი, მაგრამ ნელ-ნელა მივყვები. თუ ვერ გავაკეთე, აქამდე კი მივიყვანე საქმე…

მიშიკო [შვილიშვილი] ისეთი ჭკვიანი ბიჭია, ცოლს თუ მოიყვანს, ყველაფერია მისი სამყოფი. ახალ წელს ჩამოსული იყო და ვუთხარი: ბებია, ჩემი იმედი აღარ გქონდეს, ეს ბანკის ვალები თუ დავამთავრე, ახლა ჩემს თავს უნდა მივხედო და ჩემი ორი კაპიკი ჩემთვის უნდა მქონდეს-მეთქი. მერამდენედ ამბობ მასე, ბებია, ვერ იზამ მაგას შენო.

გულნარა თავისი ოთახის შესასვლელში

კითხვაზე, თავის თავისთვის დრო თუ რჩება, მპასუხობს:

„კი ვნახულობ მაინც ხანდახან დროს. აქ ქეიფი გვქონდა 12 დეკემბერს. სამუშაოს და მეზობელი ქალები შევიკრიბეთ, ცხოვრებაში რომ არ დაავიწყდებათ, ისე გავერთეთ. ახალგაზრდობაში ამის საშუალება და დრო არ მქონია და ახლა მაინც, ბავშვები რომ გავზარდე და ამოვტივტივდი, აღარ მოვილხინო?!

ვიცი ხოლმე ლაპარაკში თქმა, უკვე ბებერი ვარ-მეთქი, მაგრამ მოხუცებული ვერ წარმომიდგენია ჩემნაირი. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მოხუცებულები მობუზულები ისხდნენ, შავ-შავი სრული ზედები ეცვათ, ფოფიალა კაბები, თავსაფრები თავზე და ჯოხები ხელში. ახლა, ჩემი ასაკის ქალი რომ გიპიურის კაბებს იყიდი, ჩაიცვამ და დარბაზში ან ქორწილში წახვალ, იმას მოხუცი არ ჰქვია. თუ შემაძლებინებს ღმერთი ერთი 10 წელიწადი, ხომ კარგი… ამ ხელებს მიწა გააჩერებს, ახლა ვერ გავაჩერებ ტყუილად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი