ახალი ამბები

გახარია „ოცნებას“ და ენმ-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

7 ოქტომბერი, 2021 • 1432
გახარია „ოცნებას“ და ენმ-ს სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს

ექსპერმიერი გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია, სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს საკრებულოების დასაკომპლექტებლად.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოების დასაკომპლექტებლად მის პარტიასთან ფარულ მოლაპარაკებებს ცდილობენ, რაც მიუღებელია.

გახარიამ 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის პარტიას, რომელიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, ბევრგან აქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს საკრებულოს დაკომპლექტებასა და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში.

„ამ მიზნით „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.

„მეორე მხრიდან ოცნება ცდილობს, ჩვენს საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით, ბინძური მეთოდებით, მათ გადაბირებას“, – განაცხადა მან.

ექსპერმიერის განცხადებით, ამ მცდელობების მიზანია, საკრებულოებში ერთპარტიული მმართველობა იყოს, რაც, მისი შეფასებით, მიუღებელია.

„ვთავაზობთ ენმ-ს  და ოცნებას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანი იქნება დაბალანსებული საკრებულოების, საკადრო შემადგენლობების მიღება“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ ნებისმიერ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში“, – აცხადებს გიორგი გახარია.

გახარიას თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, „მივცეთ 2 ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ ისე, რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული“.

გახარიას თქმით, ეს არის ის დავალება, რაც პარტიას „საქათველოსთვის“ მისცეს ამომრჩევლებმა.

გახარიას თქმით, თუ რომელიმე მხარე არ ისურვებს ამ ფორმატში მონაწილეობას ან ამ ფორმატში ვერ მიიღება გადაწყვეტილება, პარტია იმოქმედებს მისთვის ფუნდამენტური პრინციპით:

„არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება“.

მან ასევე განაცხადა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გეგმავენ კოალიციას არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთპარტიულად დააკომპლექტებს.

ეს მუნიციპალიტეტებია: სენაკი, წალენჯიხა, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი.

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

მასალების გადაბეჭდვის წესი