ახალი ამბები

5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

3 ოქტომბერი, 2021 • 11176
5 ქალაქი, სადაც “ოცნება” უმრავლესობას კარგავს – პირველადი შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

ამ საკრებულოების დიდ ნაწილში უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო, ხოლო ზუგდიდში უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

“ნეტგაზეთმა” დათვალა, როგორ ნაწილდება მანდატები იმ საკრებულოებში, რომლებშიც “ქართული ოცნება” უმრავლესობას ვერ აგროვებს.

სენაკი

ვინ შექმნის უმრავლესობას სენაკის საკრებულოში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” პოზიცია გადაწყვეტს.

სენაკის საკრებულო სულ 33 წევრისგან შედგება. აქედან 22 აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 11 — მაჟორიტარულით.

არჩევნების პირველადი შედეგებით, “ქართულ ოცნებას” სენაკის საკრებულოში 14 წევრი ეყოლება (9 — პროპორციული სიით  და 5 მაჟორიტარი), ენმ-ს — 13 (9 პროპორციული, 4 —მაჟორიტარული), გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” კი — 4.

სენაკის ორ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. შესაბამისად, უმრავლესობის ბედს მეორე ტურების შედეგები გადაწყვეტს, ან ის, თუ ვისთან შეკრავს კოალიციას პარტიის “საქართველოსთვის” სამი დეპუტატი.

წალენჯიხა

წალენჯიხის საკრებული 27 წევრისგან არის დაკომპლექტებული. აქედან 18 წევრი პროპორციული წესით აირჩევა, 9 — მაჟორიტარულით.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, “ქართული ოცნება” წალენჯიხის საკრებულოში 9 მანდატს იღებს, ენმ — 8-ს, პარტია “საქართველოსთვის” — 4 მანდატს, “ლელო” — 1 მანდატს.

5 მანდატის ბედს კი მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გადაწყვეტს.

რუსთავი

თვითმმართველი ქალაქის, რუსთავის საკრებულო 35 წევრისგან არის დაკომპლექტებული, აქედან 28 პროპორციული წესით  აირჩევა, 7 კი — მაჟორიტარულით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში  ენმ-ს 16 დეპუტატი ეყოლება, “ქართულ ოცნებას” — 15, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” კი — 3. ხოლო კიდევ ერთი მანდატის ბედის გადასაწყვეტად მეორე ტური “ქართული ოცნებისა” და პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატებს შორის გაიმართება.

ზუგდიდი

ზუგდიდი ამ დროისთვის ერთადერთი საკრებულოა, რომლის უმრავლესობასაც ენმ დამოუკიდებლად აკომპლექტებს.

ზუგდიდის საკრებულო სულ 35 წევრისაგან შედგება. აქედან 20 არიჩევა პროპორციული წესით, ხოლო 15- მაჟორიტარულით. ენმ-მ “ქართულ ოცნებას” პროპორციულ ნაწილშიც სძლია და უფრო მეტი მაჟორიტარული ოლქიც მოიგო პირველივე ტურში (ბარიერი 40%-ია). აღსანიშნავია, რომ ენმ-ს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყოლია საკუთარი კანდიდატი და ზოგგან სხვა ოპოზიციონერს უჭერდა მხარს.

არჩევნების პირველადი შედეგებით ენმ-ს 23 წევრი ეყოლება ზუგდიდის საკრებულოში, “ქართულ ოცნებას” – 18, ხოლო გახარიას “საქართველოსთვის” – 3. ერთი მანდატის ბედი მაჟორიტარული არჩევნების შედეგად გადაწყდება II ტურში ენმ-სა და “ოცნების” კანდიდატებს შორის, თუმცა ეს მანდატი უმრავლესობის ბედს ვერ წყვეტს.

ბათუმი

ამ დროის მონაცემებით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“.

ბათუმის 79 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“- 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდის „გახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით [7 587 ხმა], 3.2 მიიღო „ლელომ“ [2447 ხმა].

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 35- წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს პროპორციული სიით. ამას დაემატება მაჟორიტარები.

ცესკოს ამ დროს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში 4 მაჟორიტარის შეყვანას შეძლებს.

ასევე, წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში. იმავე მონაცემების თანახმად, „გაერთიანებულ ოპოზიციას“  ბათუმის საკრებულოში 3 მაჟორიტარი ეყოლება.

შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება, 16 წევრი კი- „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ბათუმის საკრებულო 35-წევრიანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი