ახალი ამბები

ცაგერში გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დავუჭერთ – ხაზარაძე

13 ოქტომბერი, 2021 • 2728
ცაგერში გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დავუჭერთ – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ცაგერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად გახარიას მიმართ მისი დამოკიდებულებისა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირად წყენაზე უფრო მაღლა დადგნენ.

“ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია. პიროვნული ამბები გაირკვევა და დამალული არაფერი არ იქნება და ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც ქვეყნის მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.

ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომას, ვიდრე პოლიტიკაა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა – ვინ როგორ იმოქმედა, სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩემი ამოცანა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან გამოვიყვანოთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კონსულტაციებისა და წინაპირობების  გარეშე მიიღეს.

“ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, “ქართულ ოცნებას” გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

30 ოქტომბერს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიან. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი