ახალი ამბები

ვინ (არ) დაუჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნების II ტურში

12 ოქტომბერი, 2021 • 3369
ვინ (არ) დაუჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს არჩევნების II ტურში

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ოპოზიციური პარტიების ნაწილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რა პოზიცია ექნებათ მეორე ტურებში და დაუჭერენ თუ არა მხარს ამა თუ იმ კანდიდატს.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში, მერობის გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა. შესაბამისად, 30 ოქტომბერს 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში 17 ქალაქში ენმ-სა და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიან. ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე.

გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა, ზუსტად რამდენია ასეთი ოლქი, ცესკოში მას შემდეგ იტყვიან, რაც სასამართლოებში საჩივრების განხილვა დასრულდება.

ნეტგაზეთი შეეცადა გაეგო, რა პოზიცია აქვთ ოპოზიციურ ძალებს მეორე ტურებთან დაკავშირებით.

ვინაიდან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა” შეთანხმებულად მონაწილეობდნენ, ისინი მეორე ტურებშიც ამ შეთანხმების ერთგული რჩებიან.

ერთ-ერთი პირველი პარტია, რომელმაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა, “ლელო” იყო. “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ არჩევნებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭერენ.

ბადრი ჯაფარიძე

“ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები გადავიდნენ მეორე ტურებში, იგულისხმება მერობის კანდიდატები. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაიმარჯვონ ოპოზიციურმა კანდიდატებმა ამ დიდ ქალაქებში, რადგან ეს ნიშნავს სწორედ ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც გაგვიკეთა ქართველმა ხალხმა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მხარს ოპოზიციას დაუჭერს, “სტრატეგია აღმაშენებელია”, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებში “მესამე ძალის” სახელით მონაწილეობდა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ისინი მხარს ცვლილებებს უჭერენ და არა რომელიმე კანდიდატის საარჩევნო ნომერს.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2020/10/Untitled-design-209.jpg

“ჩვენ საზოგადოებას ვპირდებოდით, რომ ქვეყანას სჭირდებოდა ცვლილებები და ცვლილებები ყველა შემთხვევაში ნიშნავს ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერას მისი საარჩევნო ნომრის მიუხედავად. ასე რომ, მეორე ტურებში ვინც გადავიდა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების დონეზე, ჩვენ ვუჭერთ მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს, არა ენმ-ს, არამედ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

თუმცა არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც მეორე ტურში მხარდაჭერას არავის უცხადებენ და თავიანთი ამომრჩევლის “გონიერებისა” და “სიბრძნის” იმედი აქვთ. ასეთია გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით მესამე ადგილზეა.

გიორგი გახარიას განცხადებით, იგი არ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ მხარი რომელიმე სხვა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/09/Untitled-design-2021-09-14T161517.891.png

“ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად, ჩვენ მათ არ და ვერ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, მათ ვუთხრათ, რომ რომელიმე მათგანს [სხვა პარტიას] დაუჭირონ მხარი.

პრინციპში, მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ მათ ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციასა და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლისა და ქვეყანას აბრუნებს წარსულში”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოზიცია აქვთ პარტია “მოქალაქეებსაც”.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2020/10/ლევან-იოსელიანი.jpg

“ჩვენ არცერთ პარტიას არ ვუცხადებთ მხარდაჭერას და ჩვენს ამომრჩეველს აქვს საკმარისი პოლიტიკური სიბრძნე, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც მეორე ტურებში მხარდაჭერას არავის უცხადებს, “გირჩია”. როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ნეტგაზეთს უთხრა, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, “მიშა-ბიძინას თამაშში” ამომრჩეველი მხარს ვის დაუჭერს.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/05/Copy-of-800-14.png

“გირჩი” არავის არ დაუჭერს მხარს და ზოგადად, არცერთ მხარეს არ აირჩევს ამ არჩევნებზე. ჩვენ ახლა საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და მგონია, რომ არ გამოიყურება სერიოზულად, ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ ან ერთის ან მეორე მხარის მხარდაჭერა. ჩვენ პოზიცია გვაქვს, რომ ერთი თამაშია მიშა-ბიძინას თამაში, სადაც ვის დაუჭერ მხარს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ზოგადად, ეს არ გადის პიროვნულ ამბავზე, ნიკა მელია იქნება ეს თუ კახა კალაძე, მე არცერთი კანდიდატი არ მიმაჩნია უღირსო ადამიანად და, შესაბამისად, ამას ასეთი თვალსაზრისით არ ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ პოზიციას ვუყურებ. მიმაჩნია, რომ ისინი ახლა ერთ თამაშს თამაშობენ და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არის შეთანხმების საგანი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, არიან ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომელთა პოზიციაც ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ასეთია “ლეიბორისტული პარტია”. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ნეტგაზეთს უთხრა, დაუჭერს თუ არა პარტია მხარს ოპოზიციის კანდიდატებს, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/10/Untitled-design-27-1.png

“ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება საერთო პრესკონფერენცია და ჩვენი პოზიციები გაცხადდება. ზოგადად, “ოცნებას”, რომ არ დავუჭერთ მხარს, ეს ფაქტია, მაგრამ უფრო გლობალური საკითხებია აქ და ამასთან დაკავშირებით გაკეთდება ჩვენი განცხადება”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ასევე უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციის კანდიდატებს ანა დოლიძის მოძრაობა “ხალხისთვის”. ანა დოლიძე აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც თანაპარტიელებთან და ამომრჩევლებთან კონსულტაციებს გაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი