ახალი ამბები

კუჭავას თქმით, თუ გამოძიების შემდეგ კითხვები დარჩება, პარლამენტი ლილუაშვილს მოუსმენს

12 ოქტომბერი, 2021 • 1700
კუჭავას თქმით, თუ გამოძიების შემდეგ კითხვები დარჩება, პარლამენტი ლილუაშვილს მოუსმენს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ფარული მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს მას შემდეგ მოუსმენს, თუ გამოძიების შემდეგ კითხვები დარჩება.

ამის შესახებ კუჭავამ დღეს, 12 ოქტომბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ფრაქციის “ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჰკითხა, აპირებს თუ არა პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.

„მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ამ დაპირების შესრულებას. იმიტომ, რომ საზოგადოების წინაშე მდგარი მრავალი სხვა გამოწვევის მიუხედავად, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და თუ განიხილავთ ამას? თუ თქვენ ისევ თანახმა ხართ ამაზე, ჩვენ შეგვიძლია, რომ ერთობლივად, უმრავლესობამაც და ოპოზიციამაც, მიმართოს სუს-ის ხელმძღვანელს და სთხოვოს, გამოცხადდეს პარლამენტში, მაგალითად, მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე“, — ჰკითხა სამადაშვილმა კუჭავას.

სამადაშვილის პასუხად კუჭავამ განაცხადა, რომ ჯერ უნდა მოიკითხონ, რა ეტაპზეა მიმდინარე გამოძიება და ამის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ლილუაშვილს პარლამენტში მოუსმენენ.

“მე პირველ რიგში ვთქვი, რომ არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. საჭიროა პასუხი გაეცეს თითოეულ კითხვას, რაც კი შეიძლება გამოძიების შემდეგ გაჩნდეს. ვგულისხმობდი, რომ გამოძიების შემდეგ, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ. აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა, რომ გამოძიების მიმართ სანდოობა მოსახლეობის და ჩვენი მხრიდან  მაღალ დონეზე იყოს აყვანილი.

თუ რამე დამატებითი კითხვა დარჩება, აუცილებელად უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ნებისმიერი ბერკეტი იქნეს გამოყენებული“, — უპასუხა კუჭავამ სამადაშვილის.

სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაა და მისი საზედამხედვლო ფუნქციის გაძლიერებას ხელს არ უწყობს.

„სანამ გამოძიება არ დასრულდება, პარლამენტმა საკუთარი საზედამხედველო ფუნქცია არ უნდა განახორციელოს? მაშინ საკითხავია, რა დანიშნულება აქვს პარლამენტს ჩვენს ქვეყანაში? თქვენი ფუნქცია არის საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერება.

ძალიან ბევრი ბრძოლის შედეგია, რომ ოპოზიცია პარლამენტში აღმოჩნდა. ჩვენ პარლამენტში სათამაშოდ არ შემოვსულვართ. არც იმისთვის შემოვსულვართ, რომ აქ ვისხდეთ და თქვენ გესაუბრით საკითხებზე, რაც ადამიანებს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებთ“, — განაცხადა სამადაშვილმა.


ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და პარლამენტში სუს-ის უფროსის მოსმენის მიზნით, ფრაქცია “ლელომ” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა: “საქართველოსთვის”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა” და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: თაკო ჩარკვიანმა, თამარ კორძაიამ და დავით ბაქრაძემ, თუმცა მათი ხმების საკმარისი არ იყო, საჭიროა 38 ხმა, ენმ კი ამბობდა, რომ 2 ოქტომბრამდე არ ეცალა და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მხარს არ უჭერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი