ახალი ამბები

დოლიძე II ტურზე პოზიციას ამომრჩეველთან კონსულტაციის შემდეგ დააფიქსირებს

5 ოქტომბერი, 2021 • 1119
დოლიძე II ტურზე პოზიციას ამომრჩეველთან კონსულტაციის შემდეგ დააფიქსირებს

ანა დოლიძე აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც თანაპარტიელებთან და ამომრჩევლებთან კონსულტაციებს გაივლის.

როგორც დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში პირისპირი ინტერვიუებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ჩაატარებს კვლევებს მის ამომრჩევლებში და ასევე პარტიის წევრებში, რათა საბოლოოდ შეჯერდეს პოზიცია, დაუჭერს თუ არა მხარს არჩევნების მე-2 ტურში რომელიმე კანდიდატს, ან დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. დოლიძის შეფასებით, მის პარტიაში ჩატარდება შიდა რეფერენდუმი პოზიციის შესაჯერებლად:

“ჩვენ დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს. ჩავატარებთ კვლევებს სოციალური ქსელით და ასევე პირადად, რათა გავიგოთ მათი შეხედულება, როგორ უნდა მოიქცეს პარტია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. პირველად და მხოლოდ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას არა ერთპიროვნულად, არამედ ჩვენს ამომრჩეველთან, ხალხთან ერთად. მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება ეს არჩევნები. მმართველობა საქართველოში უნდა იყოს ხალხისთვის და ხალხთან ერთად”, – ამბობს ანა დოლიძე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პარტიამ “ხალხისთვის” არჩევნების მეორე ტურში “ქართულ ოცნებას” დაუჭიროს მხარი, დოლიძე პასუხობს, რომ მათი ამომრჩეველი ოპოზიციურადაა განწყობილი, რომელსაც არსებული რეალობა არ მოსწონს:

“თავისთავად, ჩვენი ამომრჩეველი ოპოზიციური ამომრჩეველია. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნებოდა ეს მხარდაჭერა იმიტომ, რომ ჩვენი შეხედულებები ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულია, რაც არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. ჩვენი ამომრჩეველი არის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელსაც ეს რეალობა არ მოსწონს, თორემ ხმას მისცემდა “ქართულ ოცნებას”. ხმას გვაძლევს ჩვენ იმიტომ, რომ მას უნდა წინსვლა. აქ როგორი ნიუანსები გამოიკვეთება, რა პრიორიტეტები აქვს ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანობის პირობებში, ამის გარკვევას ვცდილობთ ჩვენს წევრებთან ერთად”, – ამბობს ანა დოლიძე.

თბილისის მერის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მე-2 ტურში ერთმანეთს კახა კალაძე (ქართული ოცნება) და ნიკა მელია (ენმ და რამდენიმე სხვა ოპოზიციური პარტია) დაუპირისპირდებიან. ანა დოლიძემ 22 033 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 4.59%-ია. დოლიძე ამ შედეგით თბილისში მე-4 ადგილზე გავიდა კალაძის, მელიას და გახარიას შემდეგ. გიორგი გახარიამ მე-2 ტურთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ ის მოქალაქეებს ვერც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ვერ მოუწოდებს არჩევანის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი