ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი საფრთხეები სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის შემდეგ

11 ოქტომბერი, 2021 • 2489
ახალი საფრთხეები სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომის შემდეგ

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


საერთო პოლიტიკური ფონი 

2020 წლის 27 სექტემბერს თურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ასაღებად, ან, როგორც ბაქოში მიიჩნევენ, საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად, სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა, რომლის დროსაც, ოფიციალური მონაცემებით 7 ათასი ადამიანი დაიღუპა, არაოფიციალური მონაცემებით კი, ეს რიცხვი 12 ათასს უახლოვდება.

ომი აზერბაიჯანის სრული გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი კაპიტულაციური შეთახმებით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო.

იმის მიუხედავად, რომ ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა,კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყვეტილიყო, მიზნის მისაღწევად აზერბაიჯანი საპირისპიროდ მოიქცა, რასაც ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი – მათ შორის, აზერბაიჯანში პოლიტიკურის სიტუაციის მდგრადობამ და არასტაბილურობამ სომხეთში, მაღალმა ნავთობშემოსავლებმა აზერბაიჯანში და ბიუჯეტის მუდმივმა კრიზისმა სომხეთში, ასევე, კეთილსაიმედო საგარეო პოლიტიკურმა კონიუქტურამ, სადაც აზერბაიჯანმა მიიღო თურქეთის პირდაპირი და სხვა მოთამაშეთა ირიბი მხარდაჭერა. სომხეთი კი მარტო დარჩა იმ რამდენიმე ქვეყნის მორალური მხარდაჭერის იმედად, რომლებიც რეგიონულ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული არ ყოფილან.

მოსალოდნელი იყო, რომ სიტუაცია მიმდინარე წლის განმავლობაში დასტაბილურდებოდა და აზერბაიჯანი, რომელმაც მიიღო ის, რისთვის ათწლეულობით იბრძოდა, შესთავაზებდა სომხეთს თანამშრომლობის ფორმატს, რაც თავის მხრივ, რეგიონში უფრო მდგრადი მშვიდობის მშენებლობას შეუწყობდა ხელს. თუმცა ეს არ მომხდარა. პირიქით-  სომხეთზე ზეწოლა გაძლიერდა.

სომხეთში, შიდაპოლიტიკური რყევების, სუსტი საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიული უპერსპექტივობის ფონზე, საგარეო პოლიტიკის კონცეფციამაც ვერ იმუშავა.

მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე სომხეთს საერთოდ არ ჰყოლია საგარეო საქმეთა მინისტრი და მოადგილეები. შემცვლელის პოვნა კი ზაფხულის ბოლომდე ვერ მოხერხდა.

აზერბაიჯანს კარგად ესმის, რომ სუსტი და მოწყვლადი სომხეთის პერიოდი უსასრულოდ არ გაგრძელდება და მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს.

12-19 მაისს აზერბაიჯანმა ის ახალი ტერიტორიები დაიკავა, რომლებიც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საზღვრების ფარგლებში მას ეკუთვნოდა. ამ დრომდე აზერბაიჯანში რჩება დაახლოებით 150 ტყვე, რომლებიც რეგულარული წამების მსხვერპლი არიან. 30 ტყვეს სანაცვლოდ აზერბაიჯანმა სომხეთისგან მიიღო ყარაბაღის დაკავებულ ტერიტორიებზე დანაღმული მიწების რუკა.

გარდა ამისა, ომისშემდგომი მოლაპარაკებების დროს რიგი სტრატეგიული ტერიტორიების დაკავებით, აზერბაიჯანმა კონტროლქვეშ აიღო გზა სომხეთსა და ირანს შორის. სექტემბრის განმავლობაში რეგულარულად კეტავდა მას, მძღოლებისგან კრეფდა გადასხადებს და ა.შ. რამაც, შესაბამისად, ირანთან უთანხმოება გამოიწვია.

კონფლიქტის მხარეთა დღის წესრიგი

აზერბაიჯანის დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი შემდეგია: სახმელეთო კოროდორი სომხეთის ტერიტორიის გავლით – ამ კორიდორმა ერთმანეთს უნდა დააკავშიროს თურქეთი და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას.

თურქულ პრესაში ვხვდებით განცხადებებს იმის თაობაზე, რომ კორიდორი უნდა იყოს მულტიმოდალური და უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ავტომობილის გზას, არამედ რკინიგზასაც, ასევე, მილსადენებს. ამავე დროს, სომხეთისთვის ეს ნაკადი არაკონტროლირებადი იქნება და თავის მხრივ, საქართველოს სატრანზიტო კორიდორსაც კონკურენციას გაუწევს.

მეორე პრობლემა, რომელიც აზერბაიჯანის ინტერესებშია,  ეს არის საყოველთაო შეთნხმების ხელმოწერა, რომელიც სომხეთის კაპიტულაციას კიდევ უფრო ამყარებს –  ახალი ტერიტორიების დაკავება საბჭოთა კავშირის ფარგლებში არსებული აზერბაიჯანის ტერიტორიების ჩათვლით, რომელიც ჯერ კიდევ სომხეთის კონტროლქვეშაა, ასევე, სახმელეთო კავშირი მათთან.

გასათვალისწინებელია, რომ  1992-94 წლების ომის დროს, აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილი ყარაბაღის გარეთ სომხეთის კონტროლქვეშ გადავიდა, სომხთის ტერიტორიების ნაწილი კი – აზერბაიჯანის კონტროლქვეშ, დაახლოებით 300 კვ. კილომეტრი.

ამჟამად აზერბაიჯანის სურვილია იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც პირველი ომის დროს დაკარგა, ამავე დროს, შენარჩუნება იმ მიწებისა, რომლებიც მაშინ მოიპოვა.

აზერბაიჯანის კიდევ ერთი დღის წესრიგი – ეს არის კონტროლის დაწესება ყველა სატრანსპორტო გზაზე, რომელიც სომხეთს დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს. ასეთია გზები თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, მათი ჰიპოტეტურად გახსნის შემთხვევაში. თუმცა აქ აშკარა განაცხადია საქართველოსა და ირანის მიმართულებით გზებზეც. საზღვრის დაზუსტება ჩრდილოეთი მიამრთულებით, უკვე დადგენილ საზღვრებში მოიტანს იმას, რომ ერთ-ერთი ძირითადი გზა საქართველოსკენ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდება ერთ ან ორ მონაკვეთზე. ირანის მიმართულებით კი –  აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უკვე 22- კილომეტრიან საზღვარზე.

იმისთვის, რომ აზერბაიჯანის პოზიციის აღწერა დავასრულოთ, უნდა ითქვას, რომ იქ არ არის ალტერნატიული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის სომხეთის მიმართ. ეს კი თავის მხრივ რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, ალიევის ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერეი ალტერნატიული ხედვის დევნით, ასევე, ინტენსიური ანტისომხური პროპაგანდით.

ამავე დროს, სომხეთში არ არსებობს ერთიანი პოზიცია კონფლიქტების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. ხელისუფლების პოზიციაა, რომ საჭიროა ნებისმიერ ფასად აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარება. ისინი მზად არიან, ალიევის თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულონ, რაზეც არაერთხელ საჯაროდ განუცხადებიათ.

ერთადერთი გამონაკლისია კორიდორი, რომელმაც უნდა დააკავშიროს ერთმანეთს თურქეთი და აზერბაიჯანი და რომელიც უნდა აკონტროლონ რუსმა მესაზღვრეებმა. დღევანდელი ხელისუფლება წინააღმდეგია ასეთი კორიდორის. ამასთან, ასეთი პოზიცია უმრავლესობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა. ამის შესახებ 1990-იანი წლების ბოლოს ფაშინიანის სტატიები შეგვიძლია წავიკითხოთ.

არსებობს ალტერნატიული პოზიციაც – ხალხის აზრი, რომლებიც ამ კონცეფციის წინააღმდეგ და, შესაბამისად, თავად ფაშინიანის წინააღმდეგ გამოდიან. რეალურად, ამ პლატფორმას საზოგადოების ნახევარი უჭერს მხარს, რაც არაა ცოტა. მაგრამ დაახლოებით ამდენვე წინააღმდეგია.

რაც შეეხება სომხეთის სახელწმიფოს, დღეს იმდენად არაფუნქციურია, რომ საგაერო საქმეთა სამინისტროსაც არ აქვს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ხაზი, რომელსაც საზოგადოებამდე და საერთაშორისო პოლიტიკურ პარტნიორებამდე მიიტანდა.

მიმდინარე მოვლენები, აზერბაიჯანის ესკალაცია ირანთან და როგორ არის ეს დაკავშირებული სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტთან

უკანასკნელი თვის განმავლობაში სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არა მხოლოდ არ დასტაბილურდა, პირიქით – ესკალაცია გრძელდება.

აგვისტოს განმავლობაში არაერთხელ დაიძაბა სიტუაცია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, რადგანაც აზერბაიჯანში გადააფასეს საკუთარი წარმატება და კიდევ უფრო წინ წაწევას შეეცადნენ იქ, სადაც უკვე რუსი სამშვიდობოების ლეგიტიმურობის საკითხი იდგა.

ილჰამ ალიევმა რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა უშუალოდ რუსული ქმედებების გამო სამხრეთ კავკასიაში. სომხეთში კი გაჩნდა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაფუჭების იმედი. იყო მოლოდინი, რომ რუსეთი უფრო ყურადღებით მოეკიდებოდა სომხეთის ინტერესებს.

თუმცა, საბოლოოდ, კონფლიქტი “დაამუხრუჭეს”. რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, თურქეთი აზერბაიჯანის პოზიციებს იზიარებს, რუსეთი ამას ვერ გააკეთებს და არბიტრად დარჩება.

სექტემბრის განმავლობაში ბაქოდან მოსკოვში ბევრი სიგნალი გაიგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანი პატივს სცემს რეგიონში რუსეთის როლს და ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერობები სტაბილურია.

სექტემბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანმა ახალი პოსტი განათავსა სომხეთის სამხრეთით, ქალაქების, გორისისა და კაპანს შორის გზაზე არსებულ მონაკვეთზე, რომელიც 2021 წლიდან აზერბაიჯანის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ ეს გზა არა მხოლოდ საქალაქთაშორისოა, სახელმწიფოთაშორისოცაა, რომელიც ერთმანეთს სომხეთსა და ირანს აკავშირებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს სატრანზიტო კორიდროს “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, რომელიც საქართველოსკენ გრძელდება, იქ კი, ზღვით ევროკავირისკენ და სახმელეთო გზით რუსეთისკენ იყოფა.

ამან, თავის მხრივ, ირანის აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც ახალშექმნილი პოსტიდან დაიწყეს ირანული სატვირთო მანქანებისგან გადასხადების ამოღება და გადადგილების შეზღუდვა. ჩრდილოეთით ირანი დადგა სატრანზიტო მარშრუტის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამის გარდა, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანი ითვისებდა და შეიარაღებისთვის იყენებდა ირანთან სასაზღვრო ზონას, ანუ იმ ტერიტორიებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომით მთიან ყარაბაღთან დაიკავა.

თეირანმა მწვავე განცხადებები გააკეთა და საზღვარზე 50 ათასი სამხედროს მონაწილეობით მასშტაბური წვრთნები გაიმართა. პასუხად კი, თურქეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი ძალები გადაისროლეს ირანის საზღვრებთან. ირანმა აზერბაიჯანის თვითმფრინავებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე საჰაერო სივრცე აკრძალა, რის შემდეგაც უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანმა ფრენებისთვის დაიწყო სომხეთის საჰაერო სივრცის გამოყენება.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ მწვავე ფაზაშია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ირანი არ მოელოდა ომის ასეთ შედეგებს. ასევე, ირანის ჩრდილოეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანს, აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც კიდევ უფრო ამწვავებდნენ სიტუაციას, აწყობდნენ საპროტესტო აქციებს, კეტავდნენ სომხეთ-ირანის მაგისტრალს ირანის ტერიტორიაზე.

ამ მოკლე, თუმცა ინტენსიური დაპირისპირების შესაბამისად, შეგვძილია ვთქვათ, რომ ირანი უკვე დე ფაქტო მოთამაშე გახდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და გაზარდა საკუთარი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიის საქმეებში. სომხეთში მკვეთრად გაიზარდა ირანთან უერთიერთოებისადმი ინტერესი და პირიქით. თუმცა, რეალურად, სომხეთსა და ირანს საერთო დღის წესრიგი არ გააჩნიათ, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

სხვა საკითხებში კი, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, სიტუაცია კვლავ ჩიხშია შესული.

საქართველოში ფაშინიანის ვიზიტის გათვალისწინებით, არსებობს ორი პარალელური არხი არაოფიციალური მოლაპარაკებებისა სომხეთსა და თურქეთს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ამ მოლაპარააკებების შედეგები შეიძლება მომავალში გამოჩნდეს, მაგრამ სომხეთის მხრიდან რაიმე სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდოთ. მიზეზი უფრო მეტად არის სომხეთის ხელისუფლების შიში შიდაპოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, ასევე – არაცალსახა საგარეო პოლიტიკური კონფიგურაციის გამო.

რაც არ უნდა იყოს, ომიდან ერთი წლის შემდეგ ომის გაგრძელების საფრთხეები ახალ პირობებში კვლავ იჩენს თავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია დარეგულირებისგან ისევ შორსაა. ომის ალბათობა დღეს არც ისე დიდია, მაგრამ არც პროგნოზირების შესაძლებლობა არსებობს.

ამავე თემაზე:

დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი