ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის – რას უნდა ველოდოთ

6 ოქტომბერი, 2021 • 5440
დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის – რას უნდა ველოდოთ

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა.

ურთიერთობების დაძაბვა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორისაა აზერბაიჯანსა და ირანში საზღვრებთან ახლოს ჩატარებული სამხედრო წვრთნები, აზერბაიჯანის მიერ დე ფაქტო მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი ირანული სატვირთო მანქანების დაკავება, ბაქოს ურთიერთობები თელ-ავივთან და თეირანისა და ერევნის კავშირები.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რას შეიძლება მოველოდეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან.

რეგიონის მკვლევრების ნაწილის განცხადებით, ირანისა და აზერბაიჯანის მეტოქეობას ისტორიული ფესვები აქვს, თუმცა ამჟამინდელი დაპირისპირება ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეცვლილ რეალობას უკავშირდება.

მოვლენათა ქრონოლოგია – სატვირთოს მძღოლების დაკავება

აზერბაიჯანულმა მხარემ სექტემბრის თვეში სომხეთში მდებარე ქალაქების, გორისისა და კაპანის დამაკავშირებელი გზის ერთ მონაკვეთზე, რომელიც ოფიციალური ბაქოს თანახმად, აზერბაიჯანის ტერიტორიაა, საგუშაგოს მოწყობის შემდეგ სომხურ და ირანულ სატვირთოებს აზერბაიჯანში შესვლისთვის მოსაკრებელი დაუწესა.

ყარაბაღის პირველი ომისა და ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქზე გამავალი გზის ბლოკირების შემდეგ, გორისი-კაპანის გზა არის უმთავრესი არტერია, რომლითაც ირანი სომხეთს უკავშირდება.

აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის თანახმად, უცხო ქვეყნის მანქანები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ექვემდებარებოდნენ საგზაო გადასახადის გადახდას.

აზერბაიჯანული საგუშაგო გორისი-კაპანის გზაზე, სოფელ ვოროტანთან/არმან ტატოიანი

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ბაქომ სატვირთოს ორი ირანელი მძღოლი დააკავა, რომლებიც აზერბაიჯანული შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკანონოდ შევიდნენ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანში და რომელთაც სტეფანაკერტში/ხანქენდში ცემენტი მიჰქონდათ.

ინციდენტის შემდეგ, ირანის ელჩი აზერბაიჯანში აბას მუსავი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ჰიქმეთ ჰაჯიევს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და “უკანასკნელი მოვლენები” განიხილეს.

ირანი, რუსეთთან და საქართველოსთან ერთად, არის სომხეთის მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო პარტნიორი.

გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთ-ირანის რკინიგზის ნახიჩევანის მონაკვეთი ბლოკირებულია, სატვირთო გადაზიდვები ირანიდან ძირითადად მხოლოდ სატვირთო მანქანებით ხორციელდება.

სამხედრო წვრთნები 

სატვირთოს მძღოლების დაკავების ინციდენტისა და გორისი-კაპანის გზაზე საგუშაგოების მოწყობის პარალელურად, აზერბაიჯანში გაიმართა სამმხრივი სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით “სამი ძმა -2021”, რომელშიც აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის სამხედროები მონაწილეობდნენ.

თურქი, აზერბაიჯანელი და პაკისტანელი სამხედროები სწავლება “სამი ძმა – 2021-ზე”/Anadolu Agency

აზერბაიჯანი და თურქეთი ტრადიციულად მოკავშირე სახელმწიფოებად განიხილება. არსებობს “ორი სახელმწიფო, ერთი ერის” დოქტრინაც, რომელსაც ხშირად მიმართავენ ორი ქვეყნის ლიდერები, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს ერთი ერის ორ სახელმწიფოდ მოიაზრებს.

რაც შეეხება პაკისტანს, სომხეთ-აზერბაიჯანის ორივე ომის დროს აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. ოფიციალური ისლამაბადი სომხეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ აღიარებს. პაკისტანის აზერბაიჯანთან მოკავშირეობა აიხსნება თურქეთის მხარდაჭერის მოპოვებითა და ირანთან სხვადასხვა თემების გამო მეტოქეობით, მათ შორის, ეთნიკური, რელიგიური და გეოპოლიტიკური საკითხებით.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, პაკისტანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის კავშირი კიდევ უფრო სიმბოლური და გამოკვეთილი გახდა.

აზერბაიჯანში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ირანი აზერბაიჯანის საზღვართან ჩაატარებდა სამხედრო სწავლებას.

ირანის ოფიციალური პირების თანახმად, “თეირანი არ შეეგუება სიონისტური რეჟიმის წარმომადგენლობას და მოქმედებას და მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ამისათვის”, რითაც მიანიშნეს, რომ ისრაელის სამხედრო წარმომადგენლობა იმყოფებოდა აზერბაიჯანში.

სიმბოლურია თავად ირანული სწავლების დასახელებაც – “ხაიბარის დამპყრობლები”, რომელიც წარმოადგენს ალუზიას ყურანიდან, რა დროსაც მუჰამედმა ქალაქ ხაიბარში ებრაელები დაამარცხა.

აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო ყველა ბრალდება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ირანის საზღვრებთან ახლოს, რომელიმე მესამე მხარის წარმომადგენლობა იყო.

ილჰამ ალიევმა თეირანის გადაწყვეტილებას სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ მოულოდნელი უწოდა.

“ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ ჩაატაროს სამხედრო წვრთნა საკუთარ ტერიტორიაზე. ეს მათი სუვერენული უფლებაა, მაგრამ რატომ ახლა და რატომ ჩვენს საზღვართან?”, – განაცხადა ალიევმა თურქულ სააგენტო “ანადოლუსთან” საუბარში.

ისრაელი აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. სამხედრო ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, სწორედ ისრაელისა და თურქული წარმოების იარაღი გახდა აზერბაიჯანის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ისრაელი ტრადიციულ მეტოქეებად ითვლებიან.

ირანული სწავლების შემდეგ, აზერბაიჯანშიც იმართება სამხედრო სწავლება “ურყევი ძმობა”, სადაც თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები მონაწილეობენ.

პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანულ სამხედრო თვითმფრინავებს აუკრძალა მისი საჰაერო სივრცის გამოყენება ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქთან დასაკავშირებლად, ბაქოში კი დახურეს ირანთან დაკავშირებული მეჩეთი და რელიგიური ცენტრი.

სომხური საკითხი 

“თეირანი არ შეეგუება ტერორისტულ ძალებსა და სიონისტურ რეჟიმის მცდელობას, დააზიანოს ირანის ურთიერთობები საკუთარ მეზობლებთან”, – ამგვარი ტექსტით გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობების დაძაბვის დროს სომხურ დელეგაციასთან შეხვედრის სურათი, რა დროსაც, ყარაბაღის მეორე ომში ისლამისტი მებრძოლების შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის განცხადებით, ის “აფასებს ირანის პოზიციას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის შესახებ.

მან ეს განცხადება ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“აზერბაიჯანის შეღწევა სომხეთის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის ჩვენს ძალისხმევას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ირანის პოზიციას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის შესახებ”, – განაცხადა მირზოიანმა.

ირანი და სომხეთი, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ამ უკანასკნელის  ბლოკადის პარალელურად, ტრადიციულად ერთმანეთისადმი კეთილმეზობლურად განწყობილ სახელმწიფოებად ითვლებიან.

სომხეთზე და შემდეგ საქართველოზე გადის ირანი-რუსეთისა და ირანი-შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო გზების ნაწილი.

ყარაბაღის მეორე ომის დროს ირანი მხარს უჭერდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.

ისტორიული მეტოქეობა – გულთბილი მტრები, გულცივი მეგობრები

ისტორიკოსის და აღმოსავლეთის მკვლევრის, გიორგი სანიკიძის განცხადებით, ირანისა და აზერბაიჯანის მეტოქეობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.

“ირანის აღქმა არის, რომ რუსეთის იმპერიამ მას ჩამოაშორა ის მიწები, რომელსაც დღეს აზერბაიჯანი ეწოდება, ხოლო აზერბაიჯანული აღქმაა, რომ ორმა იმპერიამ გაიყო აზერბაიჯანი.

საბჭოთა პერიოდში გამოჩნდა ისტორიისთვის ბრძოლა, ერთგვარი მეხსიერების ბრძოლები. ის, რაც ირანისთვის ირანულია, აზერბაიჯანისთვის ეს არის წმინდად აზერბაიჯანული, მაგალითად, დიდი პოეტი მიზამი განჯევი, რომელსაც ორივე მხარე საკუთრად თვლის”, – აცხადებს გიორგი სანიკიძე.

ირანის ჩრდილოეთ პროვინციები, მათ შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანი, არბადილი და ზანჯანი, ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობითაა დასახლებული.

გიორგი სანიკიძე – აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მეტოქეობის საგანია ირედენტიზმიც, რასაც საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა კავშირის შემდეგ და რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, აბულფაზ ელჩიბეის მმართველობის დროს.

სანიკიძის განცხადებით, თანამედროვეობაში ისრაელის ფაქტორიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

მისი განცხადებით, ირანი არ აღიარებს ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, და გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს აზერბაიჯანისა და ისრაელის პარტნიორობა.

გიორგი სანიკიძე მიიჩნევს, რომ მეტოქეობის საგანია კასპიის ზღვაც.

“მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ხელი მოაწერა კასპიის ზღვის გაყოფის შეთანხმებას, ის ადგილობრივი მეჯლისის მიერ რატიფიცირებული კვლავ არ არის და ალბათ არც იქნება”, – აცხადებს სანიკიძე.

რას უნდა ველოდოთ

რონდელის ფონდის მკვლევრის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებაში ჩართულია არაერთი მხარე.

“ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის ესკალაციის ფაზა. გამოჩნდა, რომ პროცესებში ჩართულია არა მხოლოდ ორი მხარე, არამედ ბევრი.

თავიდან იყო ირანული წვრთნები, რასაც მოჰყვა თურქულ-აზერბაიჯანული წვრთნები, რისი გაგრძელებაც იყო ირანელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსკოვში”, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

მისი განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მომავალშიც გაგრძელდება.

“რა თქმა უნდა, დაძაბულობა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, ეს რომც არ გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, ის პრობლემები, რომელთაც ეს დაძაბულობა წარმოშვეს, კვლავ არსებობს.

“ირანის სატრანსპორტო გზები გადადის იმ მონაკვეთებზე, რომელთაც აზერბაიჯანი აკონტროლებს. ასევე, ირანი ნერვიულობს იმაზეც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიძლება იყოს განლაგებული ისრაელის ნაწილები”, – აცხადებს ბატიაშვილი.

ზურაბ ბატიაშვილი

ნეტგაზეთმა ბატიაშვილს ჰკითხა, იმ დროს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ამ ფორმით დაიძაბა, რა მომავალი აქვს რეგიონალურ თანამშრომლობას, მათ შორის “3+3” ფორმატს.

“ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ რეგიონული თანამშრომლობა, მათ შორის “3+3-ის” პლატფორმა არ არის მარტივად განხორციელებული იდეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ იქნება მცდელობები, რათა ამ პლატფორმას სიცოცხლე შთაბერონ, თუმცა მე მივიჩნევ, რომ საქართველო არ უნდა იყოს ამ პლატფორმის ნაწილი, რადგან მასში ოკუპანტი რუსეთის მონაწილეობაც მოიაზრება”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

“3+3” კავკასიის რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის იდეაა, რომელიც აერთიანებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთსა და ირანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი