ახალი ამბები

EPP: სააკაშვილის დაკავება ზრდის ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლარიზაციას

6 ოქტომბერი, 2021 • 816
EPP: სააკაშვილის დაკავება ზრდის ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლარიზაციას

ევროპის სახალხო პარტია(EPP) აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას.

ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიცაა შეფასებული. მათი თქმით, საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულმა არჩევნებმა გაზარდა მათი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზი ესმება დემოკრატიული სტანდარტების შემცირებას, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობას, არათანაბარ გარემოს, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, დარღვევებსა და სიძულვილის ენას.

დამატებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. ბოლო რამდენიმე დღეა, მმართველი პარტიის წამყვანი ფიგურები არატოლერანტულ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას, რომელიც ღრმა შეშფოთების საგნად რჩება”, – ვკითხულობთ EPP-ის განცხადებაში.

EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

“ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებით და კონსტრუქციული დღის წესრიგის დაბრუნებით, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმირების პროცესს”, – ნათქვამია EPP-ს განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

სააკაშვილის შეფარვის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია და ზურა და შალვა წოწორიები. სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი