ახალი ამბები

რატომ გაითიშა „ფეისბუკი“

5 ოქტომბერი, 2021 • 5941
რატომ გაითიშა „ფეისბუკი“

4 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათსა და 50 წუთზე, „ფეისბუკი“ და კომპანიის სხვა სერვისები — „ინსტაგრამი“ და „უოთსაფი“ გაითიშა და დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში არ მუშაობდა. შეზღუდვა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3.5 მილიარდ მომხმარებელს შეეხო.

გარდა ამისა, პრობლემები შეექმნათ მათ, ვინც სხვა აპლიკაციებსა თუ სერვისებში „ფეისბუკის“ ანგარიშით შედიოდა.

კომპანიამ მალევე განაცხადა, რომ მუშაობდა პრობლემის აღმოსაფხვრელად, ოდნავ მოგვიანებით კი ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მომხდარი „ქსელური პრობლემით“ ახსნა.

კომპანიის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს, 5-საათიანი გათიშვა 7 მილიარდი დოლარი დაუჯდა  „ფეისბუკის“ აქციების ღირებულება თითქმის ხუთი პროცენტით დაეცა. თუმცა იგი არ იყო ერთადერთი, ვინც იზარალა – „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში არაერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ „ფეისბუკი“, „ინსტაგრამთან“ ერთად, მათთვის და მათი ბიზნესისთვის მთავარი პლატფორმა იყო.

ამასთან ერთად, გათიშვამდე ერთი დღით ადრე კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰოგენმა „ფეისბუკი“ მოგების გამო უსაფრთხოების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. მალე იგი აშშ-ის სენატის წინაშე წარდგება.

რატომ გაითიშა ფეისბუკი – ტექნიკური დეტალები

პრობლემის აღმოფხვრიდან მალევე, „ფეისბუკმა“ განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი „საბაზისო ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები“ გახდა.

„ჩვენმა ინჟინერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პარამეტრების ცვლილებებმა ჩვენს მთავარ როუტერზე, რომელიც კოორდინაციას უწევს ჩვენს მონაცემთა ცენტრებს შორის კავშირს, შეაფერხა ეს კავშირი. კავშირის შეფერხებას ჰქონდა კასკადური ეფექტი [ე.წ. დომინოს ეფექტი] მონაცემთა ცენტრებს შორის კომუნიკაციაზე, რა მიზეზითაც სერვერებმა მუშაობა შეწყვიტეს“, — განაცხადა ფეისბუკმა.

გამოცემა „Wired-ის“ ცნობით, აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 11 საათსა და 40 წუთზე [19:40 თბილისის დროით] „ფეისბუქის“ სერვისების DNS (Domain Name System – დომენური სახელების სისტემა) მიუწვდომელი გახდა, რის შემდეგაც პრობლემა წარმოიშვა.

მარტივი ენით, DNS „ინტერნეტის სატელოფონო წიგნია“ — ის აკავშირებს თქვენ მიერ ბრაუზერში ჩაწერილ ვებ-გვერდის სახელს (ანუ, განხორციელებულ ზარს) IP მისამართთან (სახლთან), რომელშიც ეს ვებ-გვერდი „ცხოვრობს“.

ტროი მარში, კიბერუსაფრთხოების კომპანია „ბედ ფეიქეთსის“ მთავარი მკვლევარი ამბობს, რომ პრობლემები შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული DNS-ის გათიშვით, თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს მხოლოდ პრობლემის სიმპტომია“.

ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, პრობლემის მიზეზი „ფეისბუკის“ მხრიდან არასწორი პარამეტრების არასწორი ცვლილება გახდა, რომელიც ადამიანური შეცდომის შედეგი იყო.

„როგორც ჩანს, „ფეისბუკმა“ რაღაც დამართა თავის როუტერებს, რომლებიც „ფეისბუქის“ ქსელს დანარჩენ ინტერნეტთან აკავშირებს“, — ხსნის ჯონ გრემ-ქამინგი, კომპანია „ქლაუდფლეირის“ მთავარი ტექნიკოსი.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, კომპანიის გლობალური უსაფრთხოების გუნდს შეატყობინეს „სისტემურ ხარვეზზე, რომელიც შეეხო „ფეისბუკის“ ყველა შიდა სისტემასა და ინსტრუმენტს“.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის გლობალური უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის შეფასებით, ხარვეზი „მაღალ რისკს წარმოადგენს ხალხისთვის, ზომიერ რისკს- აქტივებისთვის და მაღალ რისკს- „ფეისბუკის“ რეპუტაციისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი