ახალი ამბები

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს სოციალურ ქსელებში რეკლამებზე

28 თებერვალი, 2024 • 885
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს სოციალურ ქსელებში რეკლამებზე

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური ან პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა — 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში.

Ad Library-ის მონაცემები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) შეისწავლა.

მოცემულ პერიოდში რეკლამების ბიბლიოთეკაში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც, ISFED-ის თანახმად, 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, რაც 69%-ით მეტია წინა კვარტლის დანახარჯებზე.

„მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ რეკლამებისთვის დახარჯული თანხის 56.7% მოდის 15 გვერდზე.

ყველაზე მსხვილი სარეკლამო დანახარჯის მქონე გვერდები. წყარო: ISFED

რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში.

უწყების საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, ISFED-ის თანახმად, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას. რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე „მეტას“ პლატფორმაზე ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ფართოდ ინფორმირების მიზნით სულ 736 დოლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა — 28,128 დოლარი — ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით სამ ენაზე წარმოებულ კამპანიაში დაიხარჯა.

წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯიც. ISFED-ის თანახმად, გასულ წლის ბოლოს მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. ასევე, პარტია „ფეისბუქზე“ ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ძირითადად დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს. სურათების სახით განთავსებულ რეკლამებს შორის იყო ღარიბაშვილის „ინსტაგრამის“ ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოები და რელიგიური დღესასწაულების მისალოცი ბარათები „ფეისბუქზე“.

წინა კვარტალთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის, ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. ანგარიშის თანახმად, ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსებული რეკლამების უმრავლესობა პოლიტიკოსის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს მიეძღვნა. ასევე, დასპონსორებული იქნა მისი საპარლამენტო გამოსვლებისა და ტელემედიაში ჩართვის ვიდეოფრაგმენტები.

ISFED-ის ცნობით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი — Georgia First NEWS აქვეყნებდა. ამასთან, გარეკლამებული მასალები ძირითადად ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. გავრცელებულ მასალებში განსაკუთრებით შეინიშნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, აგრეთვე, ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერების მადისკრედიტირებელი კამპანია, ხოლო პოზიტიური გზავნილები ეხებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს. ამავდროულად, დასავლეთი დადანაშაულებული იყო სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, რის მაგალითადაც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები სახელდებოდა. გვერდზე განთავსებულ რეკლამებში მიუთითებდნენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება საქართველოშიც იყო დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომის მეორე ფრონტში ჩართვის მცდელობებშიც იყო დადანაშაულებული. საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით კი რეკლამები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავდა.

არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამების ძირითადი ნაწილი, ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ 91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი).

პოლიტიკური გაერთიანებების უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში უფრო მეტი სარეკლამო დანახარჯი გაწია, ვიდრე წინა კვარტალში. მათ შორის გაორმაგდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ხარჯები.

ISFED სიახლედ ასახელებს პარტიებს შორის სარეკლამო დანახარჯებით მეოთხე ადგილზე პოლიტიკური გაერთიანების „თაობები საქართველოსთვის“ გამოჩენას, რომელიც 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. პარტია ბიზნესმენმა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა შოთა შალელაშვილმა დააფუძნა.

ქართულ მედისაშუალებებს შორის „მეტას“ რეკლამებისთვის ყველაზე მეტი დანახარჯი ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ გაწიეს. ამ ორი ტელევიზიის მიერ დახარჯული თანხა აღემატება ყველა სხვა ქართული მედიასაშუალების, ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ჯამურ ღირებულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი