ახალი ამბები

შესაძლოა, ფეისბუკმა და ინსტაგრამმა ევროპაში მუშაობა შეაჩერონ

7 თებერვალი, 2022 • 1095
შესაძლოა, ფეისბუკმა და ინსტაგრამმა ევროპაში მუშაობა შეაჩერონ

კომპანია Meta, რომელიც სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის, ფეისბუკსა და ინსტაგრამს ფლობს, აცხადებს, რომ შესაძლოა, ევროპაში შეწყვიტოს აღნიშნული პლატფორმების ოპერირება. ამის შესახებ კომპანიამ ყოველწლიურ ანგარიშში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ ამჟამად, ევროკავშირის კანონმდებლობით, კომპანიებს უფლება არ აქვთ, ევროპის მოქალაქეების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე გადაიტანონ  და დაამუშაონ. სწორედ ამას ეწინააღმდეგება Meta და ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას 2022 წლის პირველ ნახევარში ელოდება.

კომპანია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ ევროკავშირი არ მიიღებს ტრანსატლანტიკური მონაცემების გადაცემის ახალ ჩარჩოს. ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებები კი ევროკავშირის მარეგულირებლებსა და აშშ-ს შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

“თუ ტრანსატლანტიკური მონაცემთა ტრანსფერის ახალი ჩარჩო არ იქნება მიღებული და ვეღარ დავეყრდნობით ე.წ. სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს [SCC] ან ევროპიდან აშშ-ში მონაცემთა გადაცემის სხვა ალტერნატივებს, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ევროპაში შემოგთავაზოთ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ფეისბუკი და ინსტაგრამი”, – წერს Meta ყოველწლიურ ანგარიშში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Meta-მ წინა ყოველწლიურ ანგარიშში უკვე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ თუ კომპანიას სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტების გამოყენების უფლება არ ექნებოდა, ის ვერ შეძლებდა ბიზნესების ნაწილის ევროპაში ოპერირების გაგრძელებას. თუმცა მაშინ კომპანიას არ დაუსახელებია ორი უმსხვილესი სოციალური მედიაპლატფორმა.

ევროკომისია კი გამოცემასთან აცხადებს, რომ მონაცემთა გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებები ვაშინგტონთან გააქტიურებულია, თუმცა “განხილული საკითხების სირთულის, კონფიდენციალურობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის ბალანსის დამყარების აუცილებლობის გათვალისწინებით,” დრო სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი