ახალი ამბები

ბრალდებული ფეისბუქზე 14 პირს ნივთების გამოწერას დაჰპირდა და  149 259 ლარი მიითვისა – პროკურატურა

20 მარტი, 2024 • 1055
ბრალდებული ფეისბუქზე 14 პირს ნივთების გამოწერას დაჰპირდა და  149 259 ლარი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. 

პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შექმნილი გვერდის გამოყენებით  მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჩინეთიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო  ავეჯის და  ტექნიკის დაბალ ფასში გამოწერას დაჰპირდა, “თუმცა  ნივთების გამოწერა არ უზრუნველყო და 14 მოქალაქის კუთვნილ 149 259 ლარს მოტყუებით დაეუფლა”.

პოლიციამ ბრალდებული 20 მარტს დააკავა.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაცმნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარუდგინეს,  რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

 

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.



მასალების გადაბეჭდვის წესი