ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს

1 ოქტომბერი, 2021 • 1845
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არასდროს შეიწყალებს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს, 1 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

“ქვეყნის პრეზიდენტისთვის, მართალია, სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ. თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას.

პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო—- არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.

…იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვაო. დღეს, როცა კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა და იმიტომაც, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, საერთაშორისო გაფრთხილებების მიუხედავად, რომელიც მას მიუვიდა. ამიერიდან კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი სახელმწიფოს მშენებლობის. არა რევანშის, პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება არავითარი მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს”, — თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მოსახლეობის წინაშე დადებული პირობა, ბოლომდე მიიყვანოს მართლმსაჯულების რეფორმა და ქვეყანა ევროპული რეფორმების გზით წაიყვანოს.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი