ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია — ღარიბაშვილი

1 ოქტომბერი, 2021 • 2564
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია — ღარიბაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.

ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 1 ოქტომბერს 9 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს არის დღესასწაული „ბიძინაობა“.

„მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს, და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”, — თქვა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, სად და რა გარემოებებში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ დღეს დილით განაცხადა. მან ფეისბუკის პირად გვერდზე ორი ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ის ბათუმშია.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი