ახალი ამბები

სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს – ცესკო ძალადობრივ ბანერებზე

28 სექტემბერი, 2021 • 714
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს – ცესკო ძალადობრივ ბანერებზე

ცესკო ძალადობრივ ბანერებთან დაკავშრებით თავის გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ვინაიდან ბანერების დამკვეთი ფიზიკური პირია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, ბანერები საარჩევნო პროგრამად არ მიიჩნევა და არც სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

“პირველ რიგში კი, უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად. სწორედ ამიტომ ,ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ძალადობრივ ბანერებთან დაკავშირებით 18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში 3 საჩივარი ISFED-მა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ელენე ხოშტარია – დროა“ ელენე ხოშტარიამ შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი