ახალი ამბები

მანიფესტი დეცენტრალიზაციაზე – რაზე შეთანხმდნენ პარტიები?

27 სექტემბერი, 2021 • 2012
მანიფესტი დეცენტრალიზაციაზე – რაზე შეთანხმდნენ პარტიები?

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის მანიფესტს მოაწერა ხელი.

მანიფესტში ნათქვამია, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ოკუპანტი სახელწიფოს მიერ, ხოლო პოლიტიკის 80% ოკუპირებულია „ძლიერი ცენტრის“ მიერ და დე ფაქტო ძალადაკარგულია საქართველოს კონსტიტუცია.

“ჩვენ, ამ პოლიტიკური მანიფესტის ხელმოწერი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ვაცნობიერებთ რა ჩვენს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, მივიჩნევთ, რომ მმართველობის დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრება იყო, არის და იქნება  ჩვენი პოლიტიკური მიზანი. ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ამ უაღესად მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად შევიმუშავებთ და მხარს დავუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობის დაკარგულ უფლებას დაუბრუნებს ხალხს და რომლებიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილი უნდა მოწესრიგდეს ხელისუფლების იმ ორგანოების მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან (სუბსიდიარობის პრინციპი);
  • ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილის მოსაგვარებლად საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი და მუნიციპალიტეტები დაბრუნდებიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები;
  • თვითმმართველობის განხორციელების ადმინისტრაციული-ტერიტორიული მოდელი, საბჭოთა მოდელის ნაცვლად, დაეფუძნება ევროპულ სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას;
  • ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან ასარიდებლად იგი უნდა დანაწილდეს როგორც ჰორიზონტალურად – შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – მმართველობის დონეებს შორის;
  • ქვეყნაში შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობის მოდელი, რომელიც საქართველოს ისტორიულ რეგიონებს, სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს, დაუბრუნებს როლს ქვეყნის მართვის საკითხებში;
  • დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა არის ქვეყნის საშინაო და საგარეო საფრთხეებზე, გამოწვევებზე ყველაზე ადეკვატური პასუხი რომელიც შედეგად მოგვცემს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობის მიღწევის გარანტიებს”, — ნათქვამია მანიფესტში.

პოლიტიკური მანიფესტი: დეცენტრალიზაცია თვითმმართველობისთვის

დეცენტრალიზაციის მანიფესტს ხელი მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: ენმ, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი – მეტი თავისუფლება, ლელო, მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია.

“დღეს არის საბჭოთა ცენტრალიზებული მმართველობის მოდელი და თვითმმართველობის ყველა რეფორმა, რომელიც ამ დრომდე ჩატარდა, არის იმიტაცია”, — განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

“გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის აზრით, თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა გადაწყდეს.

“უნდა მოხდეს, მათ შორის, ფისკალური დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანების მიერ შექმნილი დოვლათის ძალიან დიდი ნაწილი დარჩეს ადგილზე და მხოლოდ მცირე ნაწილი, იმ მცირე და შეზღუდული ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც დარჩება ცენტრალურ ხელისუფლებას, უნდა მიდიოდეს ცენტრში. ჩვენ ახლა ყველაფერი უკუღმა გვაქვს მოწყობილი. არ არსებობს თვითმმართველობა ადგილზე კერძო მესაკუთრეების გარეშე. თავდაცვას და უსაფრთხოებას რაც შეეხება, მაგის გარდა ყველა ფუნქცია უნდა წავიდეს ქვემოთ და ადგილზე გადაწყვიტონ, როგორ უნდათ ცხოვრება”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

მანიფესტს ხელს აწერს და სამომავლო თანამშრომლობაზე თანხმდება, თუმცა ჩანაწერს, რომ “ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების მნიშვნელოვანი წილის მოსაგვარებლად საკმარისი ფინანსური და ეკონომიკური რესურსი” არ იზიარებს “ევროპული საქართველო”.

“კაცმა არ იცის, ექნებათ თუ არ ექნებათ საკმარისი რესურსი. გადასახადების დიდი წილიც რომ დარჩეს ადგილზე, ზოგი მუნიციპალიტეტი თვითკმარი არ არის და აქ პოლიტიკა შესამუშავებელია”, — განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

მისივე თქმით, “ევროპულ საქართველოში” აზრთასხვადასხვაობაა ორდონიანი თვითმმართველობის საჭიროებაზეც.

დეცენტრალიზაციის მანიფესტის მიღების ინიციატორია “სირცხვილია”. დღევანდელ ხელმოწერის ცერემონიაზე ოპოზიციური პარტიებიდან მიწვეული არ ყოფილა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას “საქართველოსთვის”, თუმცა შოთა დიღმელაშვილის თქმით, ტექსტი ხელმოსაწერად მასაც გაეგზავნება.

“არ ყოფილა მოწვეული ყოფილი ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ ატარებენ დეცენტრალიზაციის პოლიტიკას. მაგალითად, ბათუმის არჩეული მერი მოიხსნა ცენტრიდან სატელეფონო ზარით. ფორმალურად, ამ მანიფესტს გავუგზავნით. კონკრეტულად დღევანდელ ღონისძიებაზე, მოგეხსენებათ, კონფრონტაციული გარემო შეიქმნებოდა და ამას მოვერიდეთ, თუმცა ტექტს გავუგზავნით ყველა პარტიას, რომელიც საქართველლში არსებობს და მადლიერი დავრჩებით, თუმცა მთელი რიგი პარტიებისგან არ მოველით, რომ ხელს მოაწერენ”, — განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი