ახალი ამბები

მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების მიღებაზე – სიჭინავა

6 დეკემბერი, 2022 • 695
მოვუწოდებთ „ოცნების“, უარი თქვას თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების მიღებაზე – სიჭინავა

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე.

ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას.

საუბარია „ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც,  თუ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი არ მიიღო საკრებულომ და ხმათა უფრო მაღალი ქვორუმით, 3/5-ით, თავისი შედგენილი ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, აღნიშნული გახდება მხოლოდ საკრებულოს და არა მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაც მერებს ათავისუფლებს მოსალოდნელი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან შედგენილი ბიუჯეტების ჩავარდნის გამო .

ბერდია სიჭინავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ოპოზიციური საკრებულოების შანტაჟს, რომ დაამტკიცონ მერის მიერ შედგენილი ბიუჯეტი ისე, რომ მასში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრების შენიშვნები და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები არ იქნება გათვალისწინებული.

„ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ინსტიტუტების გამართულად მუშაობა, მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით, „ოცნება“ აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკანონმდებლო შტურმს, მათი დასუსტებისა და ერთპარტიულ ვერტიკალში მოქცევის მიზნით” ,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ინიცირებული საკანონმდებლობა ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებთან, რომლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, რომელთა წინაშეც უნდა იყვნენ პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი