ახალი ამბები

“ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება” — რაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა გაეროში

25 სექტემბერი, 2021 • 1146
“ეკონომიკა ჯანსაღდება, სამუშაო ადგილები იქმნება” — რაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა გაეროში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დეოკუპაციას, პანდემიის კრიზისს, საქართველოს ევროინტეგრაციასა და სხვა საკითხებს შეეხო. მისი სიტყვებით, “ქართული ოცნებები ხდება”, ეკონომიკა კი “ჯანსაღდება”.

ღარიბაშვილის თქმით, “საქართველო აღმასვლას აგრძელებს”, თუმცა ქვეყნის თავისუფლება გამოწვევის წინაშეა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის სახით.

“ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად.

თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით – დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.

ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ”, — დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”.

ღარიბაშვილმა აუდიტორიას უთხრა, რომ პანდემიის კრიზისის მიუხედავად, დადებითი დინამიკაა ქართულ ეკონომიკაშიც და დასაქმების კუთხითაც.

“…ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღვწით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს.

ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და კიდევ ერთხელ ვხდებით წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრი მსოფლიოში”, — დასძენს ის.

ამავე გამოსვლისას, ღარიბაშვილმა დასძინა, ამაყობს როგორც “გაეროში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის”, ისე საქართველოს მმართველი პარტიის მუშაობით:

“ასევე ვამაყობ ჩემი ქვეყნით და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული საქმით უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩემს მთავრობას გეგმა აქვს გაწერილი 2030 წლამდე, რაც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლამდე გაწერილ დღის წესრიგს”.

რეგიონზე საუბრისას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისი მზადაა, უმასპინძლოს შეხვედრებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით:

“…ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად.

საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები”.

ღარიბაშვილის სიტყვებით, “ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი