ახალი ამბები

გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე NCDC-ის “უფრო მკაცრი” პოზიცია ჰქონდა

24 თებერვალი, 2021 • 1277
გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე NCDC-ის “უფრო მკაცრი” პოზიცია ჰქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებას უფრო მკაცრი პოზიცია ჰქონდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები უფრო მკაცრია, საკოორდინაციო საბჭო ბალანსირებულ გადაწყვეტილებას იღებს.

“ამირან გამყრელიძის პოზიცია არის უფრო მკაცრი ყოველთვის. მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო არსებობს იმისთვის, რომ იქ კოორდინირებული და ბალანსირებული გადაწყვეტილება გამოდის. ჩვენ, ექიმები და განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ვართ უფრო მკაცრი და რადიკალური ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია დღეს არის და იყო, რომ ყველაფერი ეტაპობრივად მოხდეს. დაახლოებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ უფრო რადიკალური ვიყავით.  მაგრამ შემდგომ ეს ბალანსდება სხვადასხვა სექტორების მიერ. რამდენიმე მდგენილია, ერთ-ერთი მთავარია ეკონომიკური. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა იქნეს შემდეგ გათვალისწინებული და საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ გადაყწვეტილებას”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას ნაცვლად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, მისი ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს პირველად გაიმართა. ღარიბაშვილმა დღეს რამდენიმე შეზღუდვის, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორის აღდგენის, სამთო კურორტებზე სასტუმროების და საბაგიროების გახსნის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ფუნქციონირებას განახლების შესახებ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი