“აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ახალი კვლევით, რომელიც 2021 წლის ივლისში ჩატარდა, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ COVID-19-ის საინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება.
ამავე კითხვის პასუხად 35% აცხადებს, რომ აცრის მომხრეა, 7% უკვე აიცრა, 11%-მა კი უპასუხა, რომ არ იცის.
ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები ყველაზე მაღალი 18-34 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ამ კომპონენტში აცრას გამოკითხულთა 56% არ აპირებს და მხოლოდ 31%-ია თანახმა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ვაქცინაციის სასარგებლოდ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაშია, სადაც გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ აიცრება, 39% კი – არა.

ამავე კვლევის მიხედვით, იმ პირების 47%, ვინც არ გეგმავს ვაქცინაციას, აცხადებს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. აღნიშნული მონაცემი მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. 20% კი ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო ვერ აიცრება (თებერვალში ეს მიზეზი იმ პირთა 10-მა პროცენტმა დაასახელა, ვინც ამბობს, რომ არ აიცრება).
იმ გამოკითხულთა 13%, ვინც იმუნიზაციის წინააღმდეგია, ფიქრობს, რომ კორონავირუსს ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. ეს მონაცემი თებერვალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. 7% კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 2% აცხადებს, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს რიცხვი განსაკუთრებით მაღალია სოფლებში, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა იცის, საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციის ვიზიტი როგორ დაჯავშნოს, 71%-მა კი- არა.

ამასთან, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესზე საკმარისი ინფორმაცია აქვს, 42% კი ამბობს, რომ არაქვს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.