ახალი ამბები

სამინისტრო ვერ ამოწმებს სპორტული ფედერაციების დახარჯულ მილიონებს — კვლევა

23 სექტემბერი, 2021 • 1150
სამინისტრო ვერ ამოწმებს სპორტული ფედერაციების დახარჯულ მილიონებს — კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სპორტული ფედერაციების მიერ 2019-20 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის განხადებით, კვლევაში წარმოდგენია 70-მდე სპორტული ორგანიზაციის ხარჯების ანალიზი.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სპორტულ ფედერაციებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასშტაბური თანხები იხარჯება და წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითა თუ აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ცხადად იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები და რიგ შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკა.

IDFI-ის თქმით, ფედერაციებში სუსტია როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის მექანიზმები. სამინისტრო კი ვერ ახერხებს გადარიცხული თანხების ხარჯვის შემოწმებას. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით,  ფედერაციებზე არ ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება:

“აღნიშნული ასუსტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათი ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა მიმდინარე წელს ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციების მიმართ დაისმებოდა გარკვეული კითხვები და დაინერგებოდა ანტიკორუფციული მექანიზმები, 2021 წლის მარტიდან თავად სამინისტრომაც დანერგა ფედერაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

2019-2020 წლის ხარჯები

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სპორტული ფედერაციების 2019 წლისა და 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 145.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საიდანაც 91 მლნ ლარზე მეტი 2019 წელს, ხოლო 55 მლნ ლარამდე 2020 წელს დაიხარჯა. დოკუმენტის ავტორების თქმით, 2019 წელს 10 ყველაზე მაღალხარჯიანი კატეგორია შემდეგნაირად გამოიყურება:

IDFI-ს თქმით, როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი თანხა ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და მსგავსი სახის აქტივობებში დაიხარჯა და 33 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. კვლევის ავტორების თქმით, გადარიცხული თანხებიდან ფედერაციებმა სამინისტროს ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა:

რაც შეეხება ფედერაციების მიხედვით აღნიშნული თანხების გადანაწილებას, ლიდერობს საქართველოს რაგბის კავშირი, რომლის დაფინანსებამაც ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შემდეგი ორი ფედერაცია, რომლებიც ყველაზე მაღალი დაფინანსებით გამოირჩევიან, კალათბურთისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციებია” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება 2020 წლის ხარჯებს, ოქტომბრის ჩათვლით, მონაცემების ანალიზის საფუძველზე IDFI აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ხარჯი 13.4 მილიონ ლარამდე ხელფასებისა და სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურებაშია გადახდილი.

მოცემულ საანგარიშო წელს კვლევის ავტორების თქმით, მკვეთრადაა შემცირებული (23,5 მლნ ლარით) ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობისა და მათი გამართვის ხარჯები.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას, რამაც 2020 წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიების გაუქმება თუ დროებით გადაწევა გამოიწვია.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ხარჯის შედარებით მცირე მაჩვენებელი გამოწვეულია არასრული მონაცემითაც, რადგან 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხარჯები ანალიზში გათვალისწინებული არ არის.

ორგანიზაციის განცხადებით, 2020  წელს 2019 წლის მსგავსად, ყველაზე მაღალხარჯიან ფედერაციად კვლავ საქართველოს რაგბის კავშირი რჩება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მისი ხარჯები დაახლოებით 3 მლნ ლარითაა შემცირებული. ანგარიშის მიხედვით, თითქმის ორჯერ დაიკლო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებმაც.

ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის მარტში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფედერაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ლეგიტიმური კითხვები დაისმება, თუ როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანად და მიზნის მისაღწევად”, და აღნიშნა, რომ „აუცილებელია ფედერაციებში დაინერგოს ანტიკორუფციული მექანიზმები.”

კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული განცხადების მიუხედავად, სწორედ სამინისტროს გამოყოფისა და მმართველობის შეცვლის შემდეგ IDFI-ისთვის შეუძლებელი გახდა რამდენიმე ფედერაციის მიერ გაწეული ხარჯების დეტალური დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის სახით მიღება.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2019 წელს IDFI-მ მოამზადა კვლევა „კორუფციის რისკები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში”, რომლითაც გამოვლინდა რიგი საყურადღებო საკითხები. მათ შორის, ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ფედერაციის გაუმჭვირვალობა, სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის არასრულად მოწოდება, სახელმწიფოს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსის არ არსებობა, ფინანსურ დოკუმენტაციაში არსებული შეუსაბამობები, ფედერაციის თანამშრომლების დაქირავება სხვადასხვა გარე მომსახურების მისაღებად, ადმინისტრაციული ჯგუფისათვის გადაცემული ფულადი ჯილდოს გადანაწილების გაურკვეველი მექანიზმები და ფულადი ჯილდოს გადაცემა სპორტსმენისათვის, რომელმაც ვერ გაიარა ანტიდოპინგური შემოწმება. გამოვლენილი საეჭვო გარემოებების საფუძველზე IDFI-მ მიმართა აუდიტის სამსახურს, გამოეკვლია ფედერაციის საქმიანობა.

2021 წლის აგვისტოში აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. დასკვნაში მოცემული პრობლემური საკითხები მეტწილად ემთხვევა IDFI-ის მიერ 2019 წელს გამოკვეთილ დარღვევებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურმა გასცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მათ შორის, კონტროლის მექანიზმების დანერგვის, დასაქმებულთა ანაზღაურების წესის, ასევე მათი ფუნქციების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის შემუშავების შესახებ:

“გამოვლინდა შესყიდვების პროცესის არაკონკურენტულობა და დაკავშირებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აუდიტმა ასევე მიუთითა, რომ სპორტსმენების შეკრებებზე სასტუმროს მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილია 33,235 ლარი და გასცა რეკომენდაცია აღნიშნული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ” – აცხადებენ IDFI-ში.

ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, 2020 წელს გამოყენებული ა(ა)იპ რაგბის კავშირის აუდიტის ანგარიშიც ნათლად მიუთითებს იდენტურ პრობლემებზე.

კერძოდ, კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე, სამუშაო აღწერილობებისა და ანაზღაურების გადანაწილების ბუნდოვანებაზე, საბაზრო ფასებზე ძვირად მიღებულ მომსახურებებსა თუ რეალიზებულ ქონებაზე:

“აუდიტის დასკვნის მიხედვით, რაგბის კავშირმა 2018 წელს არსებული წესის შეუსაბამოდ, დიდი 10-ის რვა სარაგბო კლუბს კომპენსაციის სახით ზედმეტად გადაუხადა 43,500 ლარი. ქვეყნის გარეთ გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად 2017-2016 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი. კავშირის შემთხვევაშიც აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას, სამინისტრომ დანერგოს გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლის მექანიზმები” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ჭადრაკის ფედერაციის აუდიტმა კი IDFI-ს თქმით, გამოავლინა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვისა და გაუმჭვირვალობის რისკები.

IDFI-ს თქმით, კალათბურთის ფედერაციის შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების, კერძოდ ფედერაციასა და საკალათბურთო კლუბ “ბასკონიას”/ფონდი “5+11”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აუდიტმა გამოავლინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, პროექტის ფარგლებში მომზადებული სპორტსმენების ტრანსფერით ფედერაციის მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა.

ამასთან, ანგარიშით ირკვევა, რომ მომსახურების ანაზღაურების არსებული წესი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტები IDFD-ის შეფასებით, ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას.

ამასთან, ანგარიშის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა არ შექმნილა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით მწვრთნელების „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში, 3 თვის განმავლობაში მომზადება − არ განხორციელებულა.

ორგანიზაციის განცხადებით, ხელშეკრულება 2014-2018 წლებს მოიცავდა, IDFI-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო სახსრებიდან დაიხარჯა 994,000 ლარამდე, აუდიტის ანგარიშის თანახმად კი ჯამურად 2015-2018 წლებში ფედერაციის მიერ სულ გაწეულია 4,051,937 ლარის ხარჯი, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

IDFI აღნიშნავს, რომ მაღალი ხარჯებისა და გამოვლენილი იდენტური დარღვევების მიუხედავად, აუდიტის სამსახურს სულ 5 ფედერაცია ჰყავს შემოწმებული.

თბილისის მერიის მიერ სპორტული ორგანიზაციების დაფინანსება

IDFI აღნიშნავს, რომ ეროვნულ ფედერაციებს სამინისტროს გარდა თბილისის მერიაც აფინანსებს. მერია ასევე გამოყოფს თანხებს თბილისის ფედერაციებისა და სპორტული კლუბების ღონისძიებების ხელშესაწყობად.

დოკუმენტის მიხედვით, კლუბები და ფედერაციები თბილისის მერიამ 2019 წელს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონამდე ლარით დააფინანსა, 2020 წელს კი 730,000 ლარით. ორივე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხები შემდეგ ორგანიზაციებს გადაერიცხათ:

ორგანიზაციის განცხადებით, როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2019 წელს დიდი თანხები ისევ ეროვნულ ფედერაციებში მიემართება, მაგალითად ყველაზე მეტი დაფინანსება თბილისის მერიიდან საქართველოს მკლავჭიდის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო.

რიგით მეორე კი კვლევის მიხედვით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა. ამასთან, დაფინანსება მიღებული აქვს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასაც. რაც შეეხება 2020 წელს, გარდა იმისა რომ დაფინანსების ჯამურმა ოდენობამ იკლო, თანხების უმეტესი ნაწილი მიმართულია თბილისის ფედერაციების, კლუბების, ასოციაციებისა თუ სხვა სპორტული ორგანიზაციებისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი