ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ინტერნეტის თავისუფლებით აზერბაიჯანი კვლავ ბოლო ადგილზეა | Freedom House

22 სექტემბერი, 2021 • 1106
ინტერნეტის თავისუფლებით აზერბაიჯანი კვლავ ბოლო ადგილზეა | Freedom House

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა “ინტერნეტის თავისუფლების” შესახებ ახალი, 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა საქართველოს აქვს, ხოლო უარესი – აზერბაიჯანს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საერთო ქულა 77-ია, სომხეთის – 71, ხოლო აზერბაიჯანის – 35. ქვეყნების რეიტინგი 100-ქულით განისაზღვრება. ყველაზე დაბალი ქულა ცუდ შედეგს ნიშნავს, ყველაზე მაღალი კი – საუკეთესოს.

ქვეყნების “ინტერნეტის თავისუფლება” რამდენიმე კრიტერიუმითაა შესწავლილი: ინტერნეტზე “ხელმისაწვდომობის შეზღუდვა”, რაც ასევე მოიცავს ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის უზრუნველყოფას, გეოგრაფიულ წვდომას და ა.შ. შემდეგი კრიტერიუმია “კონტენტის შეზღუდვა”, რაც მოიცავს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ინფორმაციის გაფილტვრას, ონლაინ მედიის წარმომადგენლების თვითცენზურას და ა.შ. მესამე კრიტერიუმი – “მომხმარებელთა უფლებების შეზღუდვა” ითვალიწინებს, მათ შორის, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შეგროვებას და მათ წინააღმდეგ გამოყენებას, ასევე, კიბერთავდასხმებს.

“ინტერნეტის თავისუფლება სომხეთში მნიშვნელოვნად შეიზღუდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გავრცელებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად”, – ვკითხულობთ ანგარიშში სომხეთის შესახებ.

მათ შორის საუბარია, ომის დროს, სომხეთში რიგი აზერბაიჯანული და თურქული ვებ-გვერდების მუშაობის შეზღუდვაზე.

“საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება აზერბაიჯანში გაუარესდა. სახელმწიფო კვლავინდებურად აკონტროლებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რაც გამოვლინდა ინტერნეტის წვდომის შეზღუდვასა და სოციალური ქსელების დაბლოკვაში 46 დღის განმავლობაში, მთიან ყარაბაღში ომის დროს. ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, რომელიც პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა, ინტერნეტთან მიერთება ბევრისთვის კვლავ პრობლემად რჩება. ისინი, ვინც ინტერნეტით უკმაყოფილებას გამოხატავენ, სასამართლო დევნის შესაძლო მსხვერპლი ხდებიან. დამოუკიდებელი ჟურნალისტები იდევნებიან სამართალდამცველი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ”, – ვკითხულობთ ამონარიდს ანგარიშიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი