ახალი ამბები

მუშთაიდთან სახლი ინგრევა, მცხოვრებთა ნაწილს მისი დატოვება არ სურს

24 მარტი, 2021 • 1738
მუშთაიდთან სახლი ინგრევა, მცხოვრებთა ნაწილს მისი დატოვება არ სურს

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთში, მუშთაიდის ბაღთან, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლს მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ სახლი საცხოვრებლად საშიშია.

აღნიშნული დასკვნა დიდუბე-ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სახლის მცხოვრებლებს დღეს, 24 მარტს გადასცეს, თუმცა მათ ნაწილს სახლის დატოვება მაინც არ სურს.

ადგილობრივებმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მერია სახლის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2015-16 წლებში აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი არ განხორციელდა. მიზეზი იქ მცხოვრებლების განსხვავებული აზრები გახდა.

აღნიშნული სახლი 1891 წელს აშენდა და იქ ამჟამად 22 ოჯახი ცხოვრობს.

რა ხდება სახლის გარშემო ახლა

დიდუბის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელმა, სანდრო მიქაუტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის მერიის შემდეგი ნაბიჯები თავად ადგილობრივ მცხოვრებლებზეა დამოკიდებული:

“ამ ეტაპზე გვაქვს ლაბორატორიის დასკვნა, რომ აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. ახლა საჭიროა, რომ თავმჯდომარემ თბილისის მერიაში შეიტანოს განცხადება, რომ დაიწყოს უკვე კონკრეტული ქმედებები. მათ შორის მოვიდეს სამხარაულის ექსპერტიზა და შეაფასოს, რასაც მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები, თუმცა ეზომ უნდა მოინდომოს”, — ამბობს მიქაუტაძე “ნეტგაზეთთან”.

სახლის თავმჯდომარე მანანა მამისაშვილი ერთ-ერთია იმ მოსახლეებს შორის, რომელსაც სახლის დატოვება არ სურს, ამის მიზეზად კი მერიისგან შეუსაბამო პირობების შეთავაზებას ასახელებს.

მამისაშვილი ამბობს, რომ 2015-16 წლებში თბილისის განვითარების ფონდმა სახლის რეკონსტრუქციის გეგმა წარუდგინა, თუმცა აღნიშნული შეთავაზება მათთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა. კერძოდ, მამისაშვილის თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებს სჭირდებათ გარანტიები, რომ საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას მალევე შეძლებენ და ეს პროცესები “20-30 წელი არ გაიწელება”.

“არ შეგვაქვს არსად განცხადება, რადგან იგივეს შემოგვთავაზებენ, რასაც მაშინ. ხელშეკრულებაში ეწერა, როდის გავიდოდით, მაგრამ როდის შემოვიდოდით, არ ეწერა. მე ჩემი ნახაზი რომ მომიტანეს, საერთოდ არ მქონდა სამზარეულო, სად მქონდა, არ ვიცი. არარეალური იყო. არავინ გადავა ასეთ პირობებში, რომ ადამიანმა სოროში იცხოვროს და არ იცოდეს, როდის შევა სახლში. მოვიდეს რეალური მსურველი, რომელიც ადამიანებს პირობებს გაუუმჯობესებს”, — განაცხადა მამისაშვილმა “ნეტგაზეთთან”.

მამისაშვილის განმარტებით, შესაძლოა, მოსახლეობამ  სახლის დატოვება მოინდომოს იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული ფართით ან თანხით დააკმაყოფილებენ, თუმცა “სხვების ნაცვლად ვერ ისაუბრებს”.

კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ლია ქობალავა, რომლის ბინის ახლომდებარე ნაწილი შენობაში ყველაზე საშიშად არის შეფასებული, ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი მზად არის, საცხოვრებელი სახლი დროებით დატოვონ.

“ველოდებით მერიის წარმომადგენლებს, რას შემოგვთავაზებენ, რამდენად ვიქნებით დაცულები. სიცოცხლისთვის საშიშია აქ ცხოვრება და, რა თქმა უნდა, გავალთ, მაგრამ მანამდე უნდა ვიპოვოთ ბინა, დაგვაკვალიანოს მერიამ, რომ იმედიანად გავიდეთ და დაველოდებით შემდგომ პროცესებს.

ასევე ძალიან დასაფიქრებელია, თუ მეზობლების ნაწილმა არ დატოვა სახლი, სხვა მექანიზმები არსებობს თუ არა მათი გამოყვანის. მე რომ დავტოვო სახლი, თუ ისინი არ გამოვიდნენ, როდის დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი და როდის დავბრუნდები, უცნობი იქნება. ამიტომ, არსებობს შიშები, რომ ვერ დავბრუნდეთ საერთოდ სახლში”, — ამბობს ქობალავა “ნეტგაზეთთან”.

15 მარტს აღნიშნული სახლის ნაწილი ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა. დიდუბის გამგეობამ რამდენიმე ოჯახი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებით გადაიყვანა სასტუმროში.

როგორ გამოიყურება სახლი

მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, რომელიც 15 მარტს ჩამოშლილ ადგილს ზემოდან ექცევა, ერთი შეხედვით, ეზოსკენაა გადახრილი.

ფასადზე ბათქაში არაერთ ადგილას არის ჩამონგრეული.

მეორე სართულსა და სახურავს შორის, წყალსადინარ მილთან, აივნის ბოძი დაშორებულია სახურავს.

მეორე სართულზე აივანი ალაგ-ალაგ გამონგრეულია და სიმყარის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

უფრო დეტალურად აღნიშნული სახლის შესახებ, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია:

მუშთაიდის ბაღთან ძეგლის სტატუსის მქონე სახლი ინგრევა

მასალების გადაბეჭდვის წესი