ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

“არ შეიძლება” – რატომ უკრძალავენ ქუჩის არტისტებს გამოსვლას ბაქოში

21 აგვისტო, 2021 • 3983
“არ შეიძლება” – რატომ უკრძალავენ ქუჩის არტისტებს გამოსვლას ბაქოში

ავტორი: ნიკა მუსავი


ქუჩის მუსიკოსებისთვის აქ ადგილი არ არის 

ქუჩის არტისტები, განსაკუთრებით კი, წელიწადის თბილ დღეებში, ყოველთვის განუყოფელი ნაწილი არიან როგორც თბილისის, ისე ბევრი სხვა ქალაქის, თუმცა, არა – ბაქოსი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალხი ქუჩის მუსიკალურ წარმოდგენებს “დაბალი დონის ჟანრად” აღიქვამს, რომელიც საშუალებას აძლევს თუნდაც არაპროფესიონალ არტისტებს, ლუდის ფული მაინც იშოვონ, მაინც გარკვეულ ატმოსფეროს ქმნიან და ქალაქის პეიზაჟს აცოცხლებენ.

მეც მახსოვს შემთხვევითი საუნდტრეკები ყველა ჩემი მოგზაურობიდან. მელოდიების ნაწყვეტები ქალაქის ჩვეულებრივი ხმაურის, ჩემი საკუთარი აზრებისა თუ განწყობის ფონზე, რომელიც უფრო მეტადაც კი ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, ვიდრე ნანახი ღირსშესანიშნაობები.

მრავალი წელია, რაც ბაქოში პოლიცია დაჟინებით დევნის და კრძალავს ნებისმიერ მცდელობას, ქუჩაში მუსიკამ გაიჟღეროს. არგუმენტი მარტივია –  “არ შეიძლება”.

დროთა განმავლობაში ეს მცდელობები უფრო და უფრო იშვიათი იყო. ოთხმილიონიანი ქალაქის ცენტრში მხოლოდ ორი-სამი მუსიკოსი დგას, რომელიც ამინდს ვერ შექმნის [შესაძლოა იმიტომაც, რომ გამაძლიერებლების გარეშე უკრავენ]. მათი არსებობა იმას ჰგავს, ცოცხალი ყვავილები პლასტმასის ხელოვნური ფიკუსით რომ ჩაანაცვლო.

თუკი ქალაქში მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ეს რამდენიმე მუსიკოსი პოლიციას ფულს უხდის ხელშეუხებლობისთვის, თუმცა ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე ამაზე ყურადღების გამახვილება არ გვიღირს.

მოყვარული გიტარისტი სულეიმანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აქტიურად უკრავდა ბაქოს ქუჩებში, გვიყვება, რომ პოლიცია მისგან ფულს არასოდეს ითხოვდა.

“უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი. ძალიან თავაზიანები იყვნენ, მაგრამ ისიც მესმოდა, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გამეწია. ასე რომ, ვკრეფდი ჩემს ნივთებს და გადავდიოდი სხვა ადგილზე, დღეში რამდენიმე ადგილს ვიცვლიდი.

ოთხი წლის წინ კი სტუმრად მყავდნენ მუსიკოსები, რომლებიც ეგზოტიკურ მანდოლინებზე უკრავდნენ. მათი ქუჩაში გამოსვლის დროს საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ზუსტად ნახევარი სააათის შემდეგ კი გაჩნდა პოლიცია და ხალხი გაყარა.  როგორც კი ამ ქალაქში გიტარაზე დაკვრას დაიწყებ და წინ ფულის ჩასაყრელად ინსტრუმენტის შალითას დაიდებ, მაშინვე მოვა პოლიციელი და მოგთხოვთ, რომ არ იმათხოვროთ და პატიოსან მოქალაქეებს ფული არ დაახარჯვინოთ”.

როგორც სულეიმანი ამბობს, ბაქოში ქუჩის მუსიკოსს ბევრად მეტი შემოსავალი ექნებოდა, ვიდრე იმავე თბილისში.

“ბაქოში სანამ შეგვეძლო დაკვრა, ნახევარ საათში  დაახლოებით 25-40 დოლარი მქონდა ხოლმე. თბილისშიც დამიკრავს მეგობართან ერთად რუსთაველის გამზირზე და ერთ საათში მხოლოდ 10 ლარამდე შევაგროვეთ. მიზეზი არ ვიცი, შეიძლება ბაქოში უფრო ხელგაშლილები არიან, ან უბრალოდ აქ კონკურენცია არ არსებობს”.

2019 წლის ზაფხულში აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგანტომ მიიღო დასკვნა, რომ “ტურისტებს მოსწონთ ქუჩის ხელოვნება” და, შესაბამისად, ის კომერციულადაც გამართლებულია. სააგენტომ მოამზადა პროექტი და განაცხადა, რომ არტისტებსა და მუსიკოსებს უკვე ოფიციალურად შეეძლებათ ქუჩაში გასვლა და დაკვრა, თუკი ისინი სპეციალურ შესარჩევ კონკურსს გაივლიან.

ასეთ მიდგომაში, შესაძლოა, ცუდი არც არაფერია. ბევრ ქვეყანაში ხელისუფლება აკონტროლებს ქუჩის მუსკოსებს, გასცემს ლიცენზიებს და უწესებს პირობებს. თუმცა იბადება კითხვა, თუ როგორია შერჩევის კრიტერიუმები?

აზერბაიჯანში ჩინოვნიკებისგან შემდგარი “შემოქმედებითი ინტელიგენციის” წარმომადგენლების მიერ დაწესებული კრიტერიუმები ყოველთვის ეყრდნობა ხისტ და აბსურდურ ცენზურას, რომელიც ორიენტირებულია არა მის მხატვრულ შემადგენელზე, არამედ ე.წ. “ნაციონალურ და პატრიოტულ ღირებულებებზე”.

შესაბამისად, არც ეს იდეა იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძვლს. საბოლოოდ, საქმე შერჩევამდეც არ მისულა. ამის შემდეგ ტურიზმის სააგენტოს პროექტზე აღარავის არაფერი გაუგია.

მალევე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბაქოს ქუჩებიც დაცარიელდა, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში ქუჩის შემოქმედების თემა ისევ აქტუალური გახდა აზერბაიჯანელი რეჟისორისა და დამოუკიდებელი თეატრის, ADO-ს დამფუძნებლის, ელმინ ბადალოვის წყალობით [ორი დღე სოციალურ ქსელებში იხილებოდა].

ელმინ ბადალოვთან დაკავშირებული მოვლენები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დამოუკიდებელ თეატრ ADO-ს ორ წელზე მეტია სასამართლო დავა აქვს ბაქოს მერიასთან და კულტურის სამინისტროსთან. დავის თემა ქუჩის პერფორმანსების გამართვის უფლების მიღებაა. ორი წლის განმავლობაში თეატრს ერთი სასამართლო ინსტანციიდან მეორეზე ამისამართებდნენ, რის შემდეგაც ქუჩის წარმოდგენების გამართვაზე საბოლოოდ უარი უთხრეს.

ამის მიუხედავად, თეატრმა ADO-მ გადაწყვიტა, რომ მაინც გამოვა ქუჩაში, მოსწონს თუ არა ეს ადგილობრივ ხელისუფლებას. დაპირება მართლაც შეასრულა და 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში ელმინ ბადალოვი ბაქოს ცენტრში ცეკვის ორი პერფორმანსით წარდგა. პირველი წარმოდგენა იმით დასრულდა, რომ “სცენაზე” გაჩნდა დაცვის წევრი, რომელსაც არ მოეწონა მის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეკვა და ძალის გამოყენებით “ამ უმსგავსობის” აღკვეთა სცადა.  მეორე წარმოდგენის ფინალი კი უფრო დრამატული აღმოჩდა – ემილ ბადალოვი და აქტივისტი კამალა ბარიამოვა პოლიციამ დააკავა.

ორივე ინციდენტს თან ახლდა არეულობა, შეხლა- შემოხლა, დაკავებულებისთვის ხელების გადაგრეხვა. გარკვეულწილად ეს სურათი ჰარმონიულიც კი იყო – თითქოს ყველაფერი სცენარით იყო გათვლილი. ელმინ ბადალოვს, რომელიც საკუთარი შემოქმედებით თავისუფალი ხელოვნების პროპაგანდას ცდილობს, ამ შემთხვევაში პოლიცია კიდევ უფრო დაეხმარა იმის დემონსტირებით, თუ როგორ აღიქმება თავისუფალი ხელოვნება აზერბაიჯანში.

ელმინ ბადალოვს წარმოდგენის გამართვისას ქუჩაში ფული არ შეუგროვებია. შესაბამისად, კომერციული საქმიანობისთვის ვერ იქნებოდა დაკავებული – მუხლი, რომლითაც თეორიულად შეიძლება ქუჩის მუსიკოსებს და ქუჩის ხელოვანებს მიუსდაგო.

მოგვიანებით შსს-მ განმარტა, რომ “ქუჩაში ცეკვით კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს” ახორციელებდა, თუმცა მსგავს რეგულაციაზე აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ კოდექსში სიტყვაც არ არის ნათქვამი.

ბაქოს პოლიციისთვის და დაცვისთვის ყველაფერია აკრძალული, რაც დაშვებული არაა. განსაკუთრებით, თუ “ის” საერთო სურათში არ ჯდება.

“ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა კონტროლი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი ყველა გამოვლინებით”, – ამბობს სულეიმანი.

“ამ ქვეყანაში არაფერი უნდა იყოს თავისუფალი. ამ ადამიანებს ყველაფრის ეშინიათ, რისიც არ ესმით. ბავშვებს რომ ეშინიათ მოჩვენებების  – ისე. იმიტომ, რომ საკუთარი თავისთვის საფრთხეს ხედავენ”, – ამბობს ხალიდ ბაგიროვი, თეატრის ახალი დირექტორი და ადვოკატი.

“ამას ეძახით ხელოვნებას? ეს ხომ ვიღაც შეშლილია”, – ასე ამართლებდნენ სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელები ელმინ ბადალოვის დაკავებას ქუჩაში.

სინამდვილეში, ADO სპეციფიური თეატრია, სრული ექსცენტრულობითა და ბუფონადით, გათვლილი მოყვარულ აუდიტორიაზე. მაგრამ საქმე თეატრს არ ეხება, არც ცალკეულ ქუჩის არტისტებს. საქმე პირობითი თავისუფლების აღქმაა, კონტროლზე უარი, ბუნებრიობა და “ეკოსისტემის” მრავალფეროვნება, რაც უნდა იყოს კიდეც დამახასიათებელი დიდი და თანამედროვე ქალაქებისთვის, რის პოზიციონირებასაც ბაქო ცდილობს.

როდესაც პოლიციის მანქანაში კისერში ხელჩავლებულ ადამიანს, პოლიტიკურ ან სამოქალაქო აქტივისტს მიათრევენ, ეს ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა შეიძლება პოლიციამ ეს ახსნას რაღაც უკანონობასთან ბრძოლის საბაბით, მაგრამ როდესაც მიათრევენ არტისტს, პუბლიკა კი ამბობს, რომ “ასეც მოუხდებათ ამ ჯამბაზებს”, აქ უკვე თავად ამ საზოგადოების გამო უნდა გეშინოდეს.

ფოტო: ADO თეატრის პერფორმანსიდან;

მასალების გადაბეჭდვის წესი