ახალი ამბები

პარლამენტის მიერ სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს მოუტანს დემოკრატიას — დემოკრატიის ინდექსი

13 ოქტომბერი, 2021 • 1148
პარლამენტის მიერ სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს მოუტანს დემოკრატიას — დემოკრატიის ინდექსი

“დემოკრატიის ინდექსის” აზრით, პარლამენტის მიერ სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს მოუტანს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

ის ფაქტი, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სწრაფად, წარდგენიდან 4 დღეში, განიხილა და მოიწონა კომპანია „ალმას“ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას, თავად წინადადების შინაარსი კი, “დემოკრატიის ინდექსის” აზრით, აჩენს ეჭვს, რომ ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციის შეზღუდვისა და ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

“სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების დაგვიანებული განხილვების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არ გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიან ინსტრუმენტად. მაგალითად, 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე კომიტეტებს არცერთი საკანონმდებლო წინადადება არ განუხილავთ. საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიებზე დარეგისტრირებული 54 საკანონმდებლო წინადადებიდან კი 21 იქნა განხილული და ამათგან, მხოლოდ სამი მოწონებული. „ალმას“ წინადადება კომიტეტმა ოთხი დღის ვადაში განიხილა და გადაწყვიტა, საარჩევნო და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტების მომზადება, რომლითაც უნდა აიკრძალოს პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება. პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა დაასუსტებს ოპოზიციას და სიძულვილის ენის აკრძალვაზე აპელირებით,ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, არასათანადო გავლენა და კონტროლი იქონიოს როგორც საარჩევნო, ისე მთლიანად პოლიტიკურ გარემოზე”, — ნათქვამია “დემოკრატიის ინდექსის” განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატების განცხადებებმაც ცხადყო, რომ სიძულვილის ენის რეგულირების განზრახვას აქვს პოლიტიკური მიზანი, რადგანაც ის რეგულირება გავრცელდება უპირატესად პოლიტიკურ სივრცესა და წინასაარჩევნო კამპანიაზე.

“შემოთავაზებული წინადადებით, სიძულვილის ენის რეგულირების მიზანი არ არის მიმართული სიძულვილის ენისაგან რეალური დაცვის ობიექტებისაკენ, როგორებიცაა ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები. ევროპის საბჭოს დეფინიციის თანახმად, სიძულვილის ენა მოიცავს „გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმსა თუ სიძულვილის სხვა ფორმებს შეუწყნარებლობის საფუძველზე, აგრესიული ნაციონალიზმითა და ეთნოცენტრიზმით გამოხატული შეუწყნარებლობის, უმცირესობების, მიგრანტების და იმიგრანტული წარმოშობის მქონე ხალხის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის და მტრული დამოკიდებულების ჩათვლით“. ამდენად, სიძულვილის ენის შემოთავაზებული რეგულაცია მკაფიოდ სცდება სიძულვილის ენის საერთაშორისოდ აღიარებულ დეფინიციასა და მისი გამოყენების სივრცეს”, — აცხადებს “დემოკრატიის ინდექსი” და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს სიძულვილის ენის რეგულირების გადაწყვეტილება.

კომპანია „ალმა“ ითხოვს, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.

„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე. “ალმას” ინიციატივას წინ უძღოდა კომპანიის უარი “ევროპული საქართველოს” ბილბორდების განთავსებაზე.

„ალმა“ სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვას ითხოვს, რომელსაც თავად ავრცელებდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი