ახალი ამბები

„ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება – სსც

13 სექტემბერი, 2021 • 1322
„ნამახვანის“ კონტრაქტის შეფასებაში მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული ფირმა ერთვება – სსც

ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუწყება, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ჰესის კონტრაქტის შესაფასებლად ახლად შერჩეული ფირმის ადგილობრივი კონსულტანტი არის მინისტრის პირველ მოადგილესთან დაკავშირებული კომპანია.

იუსტიციის სამინისტრომ 9 სექტემბერს დაადასტურა, რომ სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია „ენკა რენუებლზს“ შორის გაფორმებული ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით, გამოავლინა საერთაშორისო კომპანია CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP, იგივე CMS.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, აღნიშნული კომპანია შეირჩა, სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებით, დაბალი ფასის გამო. სამინისტროს განმარტებით, კომპანიამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას.

13 სექტემბერს კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც CMS-ის ადგილობრივი კონსულტანტი იქნება იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის სახელთან მჭიდროდ დაკავშირებული იურიდიული კომპანია MKD.

ორგანიზაციის განმარტებით, MKD-ის სრული სახელია „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“, სადაც იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა.

კერძოდ, სსც-ის თანახმად, ის იყო ორგანიზაციის იურისტი და პარტნიორი: „მინისტრის მოადგილე აღნიშნულ კომპანიაში 2005 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით (2019 წლიდან) იყო კომპანიის პარტნიორი“.

„მიგვაჩნია, რომ ნამახვანის ხელშეკრულების შეფასებაში იმ იურიდიული კომპანიის ჩართვა, რომელთანაც იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თხუთმეტწლიანი პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს, უკიდურესად პრობლემურია და პრაქტიკულად არ ტოვებს პროცესისადმი ნდობის უმცირეს შანსსაც კი“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„თვეების განმავლობაში ნამახვანის ხელშეკრულება და მისი შინაარსი იყო უმწვავესი საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი და იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის სამინისტროს მაქსიმალურად სანდო და მიუკერძოებელი სუბიექტის ჩართულობა უზრუნველეყო, ხელშეკრულების შეფასებაში რთავს მინისტრის მოადგილესთან მჭიდროდ აფილირებულ კომპანიას, რითაც გარკვეულწილად ადასტურებს იმასაც, რომ სამინისტრო, რომელიც თავად არის ნამახვანის ხელშეკრულებაზე კრიტიკული დასკვნის ავტორი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი კომპანიისგან მწვავე შეფასებას ელოდა და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნის თავიდან ასარიდებლად ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება მინისტრის პირველ მოადგილესთან დაახლოებულ იურიდიულ კომპანიას მიანდო“, – აცხადებს ორგანიზაცია.


“აზრს მოკლებული” და “საეჭვო”

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ივნისის თვეში აცხადებდა, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო კომპანიის ძებნა „აზრს მოკლებული იყო მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს“.

„დასკვნის შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის დაქირავება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას სხვა სუბიექტისგან ცდილობს“, – აცხადებდა მაშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

როგორც ორგანიზაცია წერდა, ხელშეკრულების თაობაზე მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც შესაბამისმა უწყებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებზე იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას ცხადად მიუთითა, ხელშეკრულება იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გათვალისწინების გარეშე მაინც გაფორმდა.

„ასეთ დროს სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს, რა არგუმენტაციით არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი კონსულტაცია და, მაგალითად, დაამტკიცოს, რომ პროექტით მისაღებმა სარგებელმა გადაწონა ყველა ის მძიმე სამართლებრივი რისკი, რაზეც იუსტიციის სამინისტრო თავის დასკვნაში უთითებდა“, – აცხადებდნენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ილუზორული და ფრაგმენტულია“ და მისი დღის წესრიგში შემოტანით ხელისუფლება „პრობლემის აღიარებას თავს არიდებს და ცდილობს ხელშეკრულების შესახებ არსებული ძირითადი პრობლემების გადაფარვას“.

ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის “სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, თანახმად, გაფორმებული ხელშეკრულება “კაბალური და საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია”.


გირჩევთ რამდენიმე სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ღირს თუ არა ნამახვანჰესის ენერგია იმპორტირებულზე ძვირი და “ესკოს” კონფიდენციალური დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი