ახალი ამბები

სხვა ვალებთანაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა გვქონდეს – ფინანსთა მინისტრი

13 სექტემბერი, 2021 • 953
სხვა ვალებთანაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა გვქონდეს – ფინანსთა მინისტრი

ფინანასთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე უარის თქმის გარდა, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები სხვა ვალებთან მიმართებითაც იყოს.

მისი თქმით, მთავრობას გაცხადებული ჰქონდა, რომ ქვეყნის ვალის დონე მისი ეკონომიკის მიმართ უნდა შემცირდეს.

“მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით იქნება ყოველთვის განხილული და ამასთან მიმართებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების საკითხი და რეფორმებთან მიმართებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული და რომელიც არის გაცხადებული, გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.

სხვა ვალებთან მიმართებაშიც გარკვეული კორექტირების მოლოდინი უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია, რომ მნიშვნელოვნად დაიწყოს მიმდინარე წელს ნაწილ სესხებთან მიმართებაში. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. ეს სესხები შესაძლებელია, რომ აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში შეიძლება შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

მანამდე კი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის ჩარიცხვის ბოლო ვადის მოახლოებასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულ “ქართულ ოცნებას” რეფორმებისა და შეთანხმებებისადმი ერთგულების ვალდებულება შეახსენა.

მაკროფინანსური დახმარება კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. 75 მილიონის ჩარიცხვა დამოკიდებული იყო ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ისედაც ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი