ახალი ამბები

ხუციშვილის თქმით, რუსეთში მანქანის გადაყვანით და გაყიდვით სანქცია არ ირღვევა

21 თებერვალი, 2024 • 702
ხუციშვილის თქმით, რუსეთში მანქანის გადაყვანით და გაყიდვით სანქცია არ ირღვევა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თუ პირი საკუთარი მანქანით საქართველოდან რუსეთში გადავა და მას გაყიდის, ამით სანქცია არ ირღვევა.

ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ისაუბრა. ლაშა ხუციშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად.

„მე შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული მასალები, სადაც ჩანს, რომ საქართველო გამოიყენება როგორც მესამე ქვეყანა და ჩვენი ქვეყნიდან სანქცირებული მანქანები გადადის რუსეთში. მათ შორის არსებობენ რუსი დილერები, რომლებმაც წაართვეს ბიზნესი საქართველოს მოქალაქეებს და დაარეგისტრირეს, აქ მდიდრდებიან უკანონო შემოსავლებით.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ არ არის შეზღუდული სანქცირებული მანქანების ერთი-ერთი პრინციპით გადაყვანა, ანუ ინდივიდუალურ მძღოლებზე მაქვს საუბარი, როცა მათ გადაჰყავთ და მერე იქიდან ფეხით გადმოდიან?“ — ჰკითხა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრს.

ლაშა ხუციშვილმა ხატია დეკანოიძის კითხვას დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველო სანქციებს არ ადგენს, თუმცა იმ ფორმით და მასშტაბით აღასრულებს, როგორც ეს საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ დადგენილი.

„კონკრეტულად ავტომობილებთან მიმართებით აღსრულება ხორციელდება იმ ფორმით და იმ მასშტაბით, რა ფორმითაც არის დადგენილი. კონკრეტულად, თუ პირი ინდივიდუალურად გადაადგილდება მასზე გაფორმებული მანქანით, ევროკავშირის დღევანდელი სანქციებით ეს არ ითვლება სანქციების დარღვევად.

შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება სანქციების შემომღები ქვეყანა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ევროკავშირსაც კი არ აქვს ასეთი ტიპის შეზღუდვები დაწესებული. ძალიან კონკრეტულ კითხვაზე ძალიან კონკრეტული პასუხია  – ეს კვლევა არ ასახავს რეალობას და არ არის შედარებული, თუ რა არის დადგენილი სანქცია და რისი აღსრულება ხდება. ამაზე კონკრეტულად არ ვიცი [როგორ გიპასუხოთ]. შეგვიძლია სემინარები გავმართოთ და მოგიწვიოთ, ვისაც ამის ინტერესი ექნება კონკრეტულ პროდუქტებზე რაც წერია ამა თუ იმ სასანქციო პაკეტში. ეს გამოქვეყნებულია, საჯაროა და ყველა საჯარო განცხადების დროს ამ სანქციების პირველწყაროს და შესაბამის ლინკებს ვუთითებთ. მერე შევადაროთ, რისი აღსრულება როგორ ხდება. კონკრეტულად ამასთან მიმართებით, ის, რაც არის დადგენილი, იმის შესაბამისად ხდება“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით,  თუ ვინმეს იმის განცდა აქვს, რომ სანქციები არ არის ძლიერი და მეტად უნდა გამკაცრდეს, შეუძლია პარტნიორებს მიმართოს, რომლებიც ამას ან გაითვალისწინებენ, ან არა.

„ამ კონკრეტული მაგალითის გარდა, შემიძლია ბევრი მაგალითი გითხრათ, რომ არსებობს გამონაკლისები. ბუნებრივია, საქართველო არ ყოფილა მონაწილე, როდესაც სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობდა. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები როცა მუშაობენ, ჩვენ არ ვართ მონაწილე, რომ აზრი გამოვთქვათ, რა ფორმით და როგორ უნდა იყოს სანქციები. შესაბამისად, ჩვენ ვასრულებთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს სანქციები არის დადგენილი.

თუმცა უამრავი რეზერვაცია აქვს გაკეთებული არაერთ ქვეყანას. მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, როცა კონკრეტული საქონელი ან ტრანზაქცია არის გამონაკლისი. ბუნებრივია, ამაზე ჩვენ განმარტებას ვერ გავაკეთებთ. შესაძლებელია ამაზე ჩვენმა პარტნიორებმა გააკეთონ განმარტება, თუ რატომ არის ესა თუ ის ტრანზაქცია და კონკრეტული საქონელი გამონაკლისი“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


„აი ფაქტის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებისა, რომ რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა, ეს სქემები კვლავ მუშაობს.  მათივე ცნობით, კანონში არსებულ ხვრელს დაინტერესებული პირები იყენებენ და სანქციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში  მოტანილია რუსი ავტობლოგერის, ანტონ ბაიბურსიანის შემთხვევა, რომელიც სანქცირებულ ავტომობილებს რუსეთში ჰყიდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი