ახალი ამბები

„რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს“ — მიშელი ღარიბაშვილს EU-ს ფულად დახმარებას ახსენებს

24 აგვისტო, 2021 • 1189
„რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს“ — მიშელი ღარიბაშვილს EU-ს ფულად დახმარებას ახსენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. მიშელის თქმით, პრემიერთან საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღებად რეფორმების გატარების მნიშვნელობას.

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ბოლო ვადა ახლოვდება და საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებების, განსაკუთრებით კი, რეფორმების დღის წესრიგისადმი ერთგულების დემონსტირების დროა”, — წერს მიშელი.

მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო ქვეყნებთან ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიან ჩართულობას წარმოადგენს და კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობების შესრულების გათვალისწინებით. ქვეყნების მიერ მაკროფინანსური დახმარების მიღება, ასევე, დამოკიდებულია იმ პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად საქართველოს 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო. მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

28 ივლისს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

ამ თემაზე:

EU-ს დახმარებას ექნება ლიმიტები და გაჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება — ლავრელაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი