ახალი ამბები

სააკაშვილის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი – მელია

12 სექტემბერი, 2021 • 1966
სააკაშვილის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი – მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, ის უკვე იქნებოდა საქართველოში.

მელიამ 11 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ფიზიკურად ჩართვის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს აქვს.

„რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი“,- განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ეს ბევრჯერ უთქვამს.

„ეს არის ისტორიული გამოწვევა. ჩვენ უბრალოდ ჭკუით უნდა ვაჯობოთ და ძალიან მიშვნელოვანია, არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რასაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება. ანუ ჭკუით უნდა ვაჯობოთ“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიამ ასევე თქვა, რომ კიევში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა ამ საკითხზე, რის შემდეგაც ამბობს:

„ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი. მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს აქვს ოპოზიციასა და საზოგადოებას კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ“.

მელიას თქმით, „არის გამოსავალი, – და ეს გამოსავალი არის მოძებნილი, – როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხორციელება ისე, რომ „ქართული ოცნების“ ვერცერთი ამომრჩეველი ვერ იტყვის, რომ „ეს კაცი დესტაბილიზაციის ნიშნების მომტანია“. ვერაფერი ვერ უნდა თქვას“.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების დღისთვის დაბრუნდება საქართველოში, სადაც პატიმრობა ემუქრება.

სააკაშვილის თქმით, მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულება უარყო, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან არ გამოსულა ევროპა და ქართველი ხალხი:

„შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად“, – განაცხადა მან.

გირჩევთ ამ თემაზე:

„ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“ – პარტიების რეაქცია სააკაშვილის „დაბრუნებაზე“

რა სურს კალაძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი