ახალი ამბები

„ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“ – პარტიების რეაქცია სააკაშვილის „დაბრუნებაზე“

7 სექტემბერი, 2021 • 1362
„ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“ – პარტიების რეაქცია სააკაშვილის „დაბრუნებაზე“

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დამაზიანებლად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საარჩევნოდ „საქართველოში ჩამოსვლასთან“ დაკავშირებით.

ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების დღისთვის დაბრუნდება საქართველოში, სადაც პატიმრობა ემუქრება.

სააკაშვილის თქმით, მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულება უარყო, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან არ გამოსულა ევროპა და ქართველი ხალხი:

„შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად“, – განაცხადა მან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ქართველ ემიგრანტებსაც მოუწოდა, ვისაც საშუალება აქვთ, ასევე ჩამოვიდნენ საქართველოში.

სააკაშვილის თქმითვე, მარშრუტის, თარიღის, სატრანსპორტო საშუალების და სხვა დეტალების შესახებ ცნობებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.

„ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ ლიდერები, ტრადიციულად, კრიტიკულად შეხვდნენ სააკაშვილის განცხადებას. მაგალითად, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს არის მეშვიდე ანონსი მისი მხრიდან საქართველოში ჩამოსვლასთან, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით და ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა. ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ მორიგი განცხადებით სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით „საჩუქარი გაუკეთა“:

„ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს, რაც გაგვიკეთა სააკაშვილმა“.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს „არ აქვს სათანადო გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი მამუკა მდინარაძე კი ფეისბუკზე ასე გამოეხმაურა აღნიშნულ განცხადებას:

„ლელო“

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით:

„ივანიშვილის და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა“.

„ამ გამარჯვების მისაღწევად „ლელო“ აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება“, – წერს პარტიის თავმჯდომარე.

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ:

„სამწუხაროდ, არჩევნების წინ, უკვე მერამდენედ, ერთი და იგივე ხდება,  რაც ემსახურება პოლარიზებას და რაც ხელს უშლის „ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებას“.

ვაშაძის თქმითვე, რეფერენდუმი ტარდება „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაზე და არა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება-არდაბრუნებაზე, „მით უმეტეს, ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნებაზე“.

„თუ ეს მოჯადოებული წრე არ გავარღვიეთ, ეს უბედურება, რომ 9 წელია არჩევნების წინ ერთი და იგივე მეორდება, ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა მან.

ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ მართალია, სააკაშვილს ვერავინ დაუშლის საქართველოში დაბრუნებას, თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სააკაშვილის ნათქვამს „ლატარიის თამაში“ უწოდა.

„ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ, რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე – გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით, სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ. სულ მინიმუმ. და ლატარიის დროა ახლა“?

„თუ მართლა გააზრებული გაქვს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში? ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია, გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც“, – აცხადებს იგი.

ამასთან, ჯაფარიძე განმარტავს, რომ ყველა შეთანხმება ძალაშია, რაც გირჩს, ენმ-ს და სხვა პარტიებს შორის არსებობს.

„ევროპული საქართველო“

სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ნათქვამი არანაირად არ ცვლის ამოცანებსა და გეგმებს.

„ახლა ყველას ერთად გვაქვს ის ამოცანა, რომ ქვეყანაში შევქმნათ ვითარება, რომ ეს კონტექსტი საერთოდ აღარ გვქონდეს განსახილველი, ჩამოვა თუ არა ვინმე, იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ლიდერია ან ქვეყნის ყოფილი ლიდერია“, – განაცხადა მან ტვ პირველის ეთერში.

„გირჩი“

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება ამომრჩევლის მობილიზაციას ისახავს მიზნად.

„შემიძლია, დაგენაძლევოთ, – შემიძლია, დავენაძლევო „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, ვისაც ეს უნდა. ჩვენ გვაქვს „გირჩის“ ციფრული ვალუტა – ქართული დოლარი, მილიონ ქართულ დოლარზე დავენაძლევები „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ წევრს, რომ მიშა არ ჩამოვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„მიხეილ სააკაშვილს აქამდეც ბევრჯერ უქნია ეს ამბავი და ბოლოს არ გაუკეთებია, წკიპზე იყო და არ გამოსულა“, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი