ახალი ამბები

ქაბულში თალიბანის მხარდამჭერმა ქალებმა აქცია გამართეს

11 სექტემბერი, 2021 • 2983
ქაბულში თალიბანის მხარდამჭერმა ქალებმა აქცია გამართეს

რამდენიმე ასეულმა ავღანელმა ქალმა, რომელთაც სახე და სხეული თითქმის მთლიანად დაფარული ჰქონდათ, ქაბულში ისლამისტური თალიბანის მხარდამჭერი აქცია გამართეს. AFP-ის თანახმად, ისინი ემხრობიან როგორც გენდერულ სეგრეგაციას, ისე სავალდებულო თავსაბურავს ქალებისთვის.

სააგენტოს ინფორმაციით, 300-მდე ქალი ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სალექციო დარბაზში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებიდან ზოგიერთს სახე მთლიანად ჰქონდა დაფარული ბურკით, სხვებს კი ეხურათ ნიკაბი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, გარდა თვალებისა. ზოგიერ მათგანს შავი ხელთათმანებიც ეცვა.

ისლამისტების მხარდამჭერი აქცია თალიბანის ნებართვით

დასავლეთის საწინააღმდეგო და თალიბანის მხარდამჭერი სიტყვით გამოსვლების პარალელურად, შეკრებილები თალიბანის დროშებს აფრიალებდნენ. ორგანიზატორების თანახმად, აქციაში სტუდენტები მონაწილეობდნენ. სიტყვით გამომსვლელები აკრიტიკებდნენ ქალებს, რომლებიც გასულ დღეებში ხმამაღლა აპროტესტებდნენ თალიბანის მმართველობასა და მის პოლიტიკას.

“ისინი, ვინც არ ატარებენ ჰიჯაბს[თავსაბურავს], ყველა ჩვენგანს აზიანებენ”, — თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, შაბანა ომარიმ.

კიდევ ერთმა გამომსვლელმა განაცხადა, რომ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისტორია შეიცვალა, ქალები კი “უსაფრთხოდ იქნებიან”.

თალიბანის მხარდამჭერი ქალების აქცია ქაბულში. 11.09.21 ფოტო: AFP

ამის შემდეგ ჩვენ აღარ ვნახავთ “ბიჰიჯაბის”[ადამიანებს, რომელთაც თავსაბურავი არ ახურავთ]” — დაამატა მან.

AFP წერს, რომ ქალების ნაწილი ადგილზე ბავშვებით იყო მისული, რომლებიც სიტყვით გამოსვლებისას, დრო და დრო ტიროდნენ, აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აშკარად არ იყო სტუდენტობის ასაკს მიღწეული.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ქალებმა დარბაზი დატოვეს, რიგებად დალაგდნენ და თალიბანის მხარდამჭერი პლაკატებით ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც შეიარაღებული თალიბები იდგნენ. AFP ავღანეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელზე, დაუდ ჰაქანიზე დაყრდნობით წერს, რომ აქცია მთავრობის ნებართვით ჩატარდა.

თალიბანის პასუხი სხვა აქციებს

თალიბანის მებრძოლები სრულიად სხვაგვარად მოეპყრნენ ქალებს, რომელთაც გასულ დღეებში მათი პოლიტიკა და მთლიანად კაცებით დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა გააპროტესტეს. ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ისლამისტებმა გაზი გაუშვეს, მეორეზე — გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, ბოლო აქციაზე კი მათრახებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ როგორც აქტივისტებს, ისე — ჟურნალისტებს.

პროტესტის ფონზე, თალიბანმა აკრძალა უნებართვო აქციები და თქვა, რომ დემონსტრანტებმა შესაბამისი ნებართვა მთავრობისგან უნდა მიიღონ, უსაფრთხოების სამსახურებს კი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ როგორც აქციის გამართვის ადგილის, ისე იქ წარმოდგენილი ბანერების შინაარსის შესახებ.

7 სექტემბერს, ქაბულში გამართულ კიდევ ერთ დემონსტრაციაზე, თალიბანის მებრძოლებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს. ფოტო: EPA

ხელისუფლებაში მოსვლისას თალიბანმა თქვა, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”. თუმცა, მას შემდეგ, დაჯგუფებამ ყველა დასაქმებულ ქალს, გარდა ჯანდაცვის სექტორის მუშაკებისა, მოუწოდა, სახლებში დარჩენილიყვნენ, სანამ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გამოკეთდება.

ქალების მუშაობას თალიბანი ასევე უსაფრთხოების საბაბით ზღუდავდა 90-იან წლებში, როცა დაჯგუფება პირველად მოვიდა ავღანეთის ხელისუფლების სათავეში.

ქალთა მდგომარეობა გასულ 20 წელიწადში

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, 2001 წლის(თალიბანის პირველი ხელისუფლების დამხობის) შემდეგ, არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოკლე დროში, ერთმანეთის მიყოლებით დაიკავა ავღანეთის საკვანძო ქალაქები, 15 აგვისტოს კი ქაბულში დაუბრკოლებლად შევიდა. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

ფოტო გარეკანზე: თალიბანის მხარდამჭერი ქალები ქაბულის უნივერსიტეტში. © Aamir QURESHI AFP

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი