ახალი ამბები

თალიბანმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა ქალთა აქციაზე ქაბულში — მედია

4 სექტემბერი, 2021 • 1020
თალიბანმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა ქალთა აქციაზე ქაბულში — მედია

ისლამისტურმა თალიბანმა, რომელიც გასულ თვეში ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა, 4 სექტემბერს, ქალი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ცნობების თანახმად, აქტივისტებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესთან სცადეს აქციის გამართვა. მათ ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერით “ჩვენ არ ვართ 90-იანი წლების ქალები”, რითაც მიანიშნებდნენ იმ მკაცრ, ძალადობრივ შეზღუდვებზე, რომლებიც თალიბანმა ქალებს 90-იან წლებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას დაუწესა.

გერმანული DW ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისლამისტებმა ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს, რათა სასახლის მიმართულებით ქალთა გადაადგილება აღეკვეთათ. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ თალიბანის მებრძოლები, აქტივისტები ტერიტორიიდან გააძევონ.

მედიის ცნობით, ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ სცემეს. სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრებიც, რომელშიც დაშავებული ქალი ჩანს. მას თავის არიდნ სისხლი სდის.

ავღანელმა ქალებმა თალიბანის მიერ კონტროლირებად ქაბულსა და ქალაქ ჰერათში აქციები გასულ დღეებშიც გამართეს.  მოთხოვნებს შორის იყო მუშაობისა და განათლების უფლება, თანასწორობა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა.

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” აცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ.


დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.  თუმცა,  CNN-ის ცნობით, მათ უკვე მიანიშნეს, რომ დასაქმებული ქალები სახლში უნდა დარჩნენ დროებით “საკუთარი უსაფრთხოების გამო” და მებრძოლებმა ზოგიერთ ადგილას ქალებს სამუშაო ადგილების დატოვება მოსთხოვეს.

პოსტთალიბანის ავღანეთი და ქალთა მდგომარეობა

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომლებიც მრავალი ავღანელის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის, ბოლო 20 წელიწადში არაერთი მიმართულებით აღინიშნა პროგრესული ტენდენციები. ეს თავისთავად აისახა ახალ თაობაზე, რომელიც თალიბანის შემდგომ ავღანეთში დაიბადა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, ქალთა უფლებების, განათლებისა და დასაქმების კუთხით არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა.

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგოები. ფოტო: EPA

BBC-ს თანახმად, 1999 წლისთვის არცერთი გოგო ჩარიცხულა საშუალო სკოლაში, დაწყებითში კი მხოლოდ 9 000 სწავლობდა. 2003 წლისთვის სკოლაში უკვე 2.4 მილიონი გოგო დადიოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახლა ეს მაჩვენებელი 3.5 მილიონს შეადგენს. საშუალო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა მესამედი ქალია.

თუმცა საკითხი ისევ პრობლემურია: Unicef-ის მონაცემებით, 3.7 მილიონზე მეტი ავღანელი ბავშვი სკოლაში არ დადის. მათგან 60% გოგოა.

ბოლო 2 ათწლეული ასევე დაკავშირებულია ცვლილებებთან ქალთა დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. თალიბანის მმართველობის დროს ქალებს თანმხლები კაცების გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ. 2019 წლისთვის კი უკვე 1 000 ქალს ჰქონდა დაწყებული საკუთარი ბიზნესი.


თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

ისლამისტური დაჯგუფება ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახალი მთავრობის შემადგენლობას. აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დასძენენ, რომ თალიბანის მთავრობას არ აღიარებენ.

ფოტო გარეკანზე: ავღანელ ქალთა აქცია ქაბულში. ავტორი: Bilal Guler/AA

მასალების გადაბეჭდვის წესი