ახალი ამბები

გორის თეატრის დირექტორის თქმით, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

9 სექტემბერი, 2021 •
გორის თეატრის დირექტორის თქმით, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

გორის თეატრის დირექტორი გია წვერავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

წვერავას თქმით, თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა.

გორის თეატრის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ნეტგაზეთი კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ გია წვერავას შეუძლია სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

“ვადასტურებთ, რომ გია წვერავა აღარ დაიკავებს გორის თეატრის დირექტორის თანამდებობას. თუ მას მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება უკანონოა, აქვს შესაძლებლობა, რომ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს”, – განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მის ათობით წარმომადგენელზე “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფო უწყებების გამოყენებით ზეწოლა მიმდინარეობს. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ზეწოლის და მუქარის შედეგად კანდიდატურები მოხსნეს პარტიის მაჟორიტარობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა, რის შემდეგაც უმეტესობამ ყოფილი პრემიერის პარტიასთან კომუნიკაცია სრულად შეწყვიტა. მეზვრიშვილმა მსგავსი ფაქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაასახელა, მათ შორის, თქვა, რომ პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ლაგოდეხის, ახმეტის, ყაზბეგის, ხულოს, ხელვაჩაურის, ხაშურის, გორის, გუდაურის, ახალციხის, კობის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი